„სინოჰიდროს“ საქმიანობაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს - სახეზეა 295,928,04 ლარის ზარალი

27 მარტი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობის შესწავლაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანია საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და დაუსჯელი რჩება ჩადენილი კრიმინალისთვის, რაც პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანოს მკაფიო დასკვნებს მოითხოვს. ორგანიზაცია აქვეყნებს კომპანიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უკანონოდ მოპოვებული რესურსების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეებს და საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდებს, დროული და სათანადო რეაგირება მოხდეს დადასტურებულ კანონდარღვევებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ გიორგი ლაბაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია, მოახდინა წარმოდგენილი მასალის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ კანონდარღვევის ფაქტებს გააჩნია სისტემური დანაშაულის ხასიათი, სამართალდარღვევის ფაქტები მოიცავს პერიოდს 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობას, ხოლო უკანონოდ მოპოვებული რესურსების, კერძოდ, ხე-ტყის უკანონოდ განადგურებისა და ინერტიული მასალის ამოღების ფაქტები 2014 წლის 29 აპრილიდან 2017 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით პერიოდს.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, დადგენილია უკანონოდ მოპოვებული რესურსის  - ხე-ტყის უნებართვოდ განადგურებისა და ინერტიული მასალის უკანონოდ ამოღების შემდეგი ფაქტები:

  • ქ. რუსთავის მიმდებარედ, თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის, თბილისი-რუსთავის გზის III მონაკვეთის მშენებლობის ტერიტორიაზე, 2014 წლის 29 აპრილს და 30 მაისს, გამოვლენილ იქნა 841 ძირი სხვადასხვა სახეობის ხეების ჭრის ფაქტი;
  • „თბილისი-წითელი ხიდი“ გზის „თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის“, თბილისი ფონიჭალას პირველი მონაკვეთის პროექტის განხორციელების დროს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 14 ძირი კაკლის ხის ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ მოპოვება;
  • კომპანიის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის 27 200 მ2 (2,72 ჰა) ფართობის ნაცვლად, მოპოვებითი სამუშაოები განხორციელებულია 31 587,34 მ2 ფართობზე. კომპანიის მიერ სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ 4 387,34 მ2 ფართობზე სათანადო ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოპოვებული იქნა 16 189,28 მ3 სასარგებლო წიაღისეული ქვიშა, ხრეში, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 16 389,28 ლარი. ასევე, კარიერის საექსპლუატაციო და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისას გამონამუშევარ ფართობებზე მოხსნილი ნიადაგის ნაყოფიერი ფენა არ იყო დასაწყობებული კარიერის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 1 804 432,74 ლარი;
  • კომპანია ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ 12+400 და კმ 31+259 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით განთავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალების) მოპოვების ლიცენზიისაგნ და მიეცა უფლება ორი უბნის კოორდინატების ფარგლებში მოეპოვებინა 198 000 მ3 ქვიშა-ხრეში. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის ქვიშა ხრეშის მოპოვება განხორციელა განკუთვნილი ფართობს გარეთ გადაცდომით;
  • სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიის მიერ მოპოვებითი სამუშაოები განხორციელდა ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის ფარგლებს გარეთ. უკანონოდ მოპოვებული იქნა 10163 კუბ.მ. მოცულობის სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეში. აღნიშნულით გარემოზე მიყენებული იქნა 10363.88 ლარის ზიანი;
  • სამტრედიის რაიონის სოფ. იანეთის ტერიტორიაზე, მდ. გუბისწყალზე კომპანიამ მოპოვებითი სამუშაოები განახორციელა ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის ფარგლებს გარეთ. უკანონოდ მოპოვებული იქნა 11260.18 კუბ.მ. მოცულობის სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეში, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 11460.18 ლარის ზიანი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, მდ. ნატანებზე კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების განახორციელა სხვა კომპანიაზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით განსაზღვრულ სამთო მინაკუთვნის კონტურიდან, სადაც მოპოვებული იქნა 1872,6 მ3 მოცულობით სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეში. დამატებითი მოკვლევით დადგინდა, რომ ლიცენზიის მფლობელსა და მომპოვებელ კომპანიას შორის რაიმე შეთანხმება არ არსებობდა;
  • სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, კომპანიის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ დეგრადირებული იქნა 15123,8 მ2 სასოფლო სამეურნეო კატეგორიის მიწის ფართობი, რითაც გარემოსთვის მიყენებული იქნა 15167,21 ლარის ოდენობით ზიანი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მიმდებარედ, მდ. ნატანების კალაპოტში კომპანიის მიერ უკანონოდ მოპოვებული იქნა 1336,8 მ3 მოცულობის სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეში, აღნიშნულით გარემოზე მიყენებული იქნა 1536,80 ლარის ოდენობით ზიანი. ასევე, შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა სას. წიაღისეულის მოპოვება 98,9 მ2 შპს „ბათვანზე“ გაცემული სას. წიაღ. მოპოვების # 1003554 ლიცენზიით გათვალისწ. სამთო მინაკუთვნის კონტურში;
  • ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში კომპანიის მიერ უკანონოდ მოპოვებულ იქნა 174555,8 მ3 მოცულობით ქვიშა-ხრეში, რითაც გარემოსთვის მიყენებული იქნა 174755,8 ლარის ოდენობით ზიანი;
  • სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მიმდებარედ კომპანიის მიერ შპს „გზამშენზე“ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული იქნა 34,6, ხოლო შპს „ბლექსი გრუპზე“ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში 484,2 მ3 მოცულობით ქვიშა-ხრეში;
  • სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი იქნა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 2053,91 ლარის ოდენობით ზიანი;
  • სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მიმდ. ტერიტორიაზე გამოვლენილი იქნა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი, კერძოდ, დაშვებული მოპოვების სიღრმის დარღვევით, უკანონოდ მოპოვებული იქნა ქვიშა-ხრეში 1314 მ3 მოცულობით, რითაც გარემოსთვის მიყენებულ იქნა 1514 ლარის ოდენობით ზიანი.

ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომპანიის მიერ საქართველოს გარემოზე მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა კოლოსალური თანხა - 233,241.06 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებებს, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავარი პროკურატურა და მისი რეგიონული სტრუქტურული ერთეულები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და მისი რეგიონული სამმართველოები და აჭარის ა/რ პროკურატურა აწარმოებენ, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების, როგორც კომპანიის მიმართ, ამასთან დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების მიმართ.

ამასთან, კომპანია „სინოჰიდროს“ მიმართ, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, ქობულეთის, ოზურგეთის, სამტრედიის, ლანჩხუთის, გარდაბნისა და თბილისის საქალაქო (რაიონული) სასამართლოების, აგრეთვე გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურის მიერ დადგენილია, სულ 46 სამართალდარღვევის ფაქტი. სამართალდარღვევის სახეებს შეადგენს: სალიცენზიო პირობების დარღვევა, ანგარიშის წარმოუდგენლობა, ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვება, წიაღისეულის მოპოვების ადგილების რეკულტივაციის შეუსრულებლობა, წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება, კერძო საკუთრების სარგებლობა, სამთო მიკუთვნების ფარგლებს ფარეთ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, წყლის მოხმარების დოკუმენტურად აღურიცხვობა და მდინარეში ავტომანქანის გარეცხვის ფაქტები. ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის მიმართ დაკისრებული სახდელის ფინანსური მოცულობაც, რამაც, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, 46 სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა 62,686,98 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ გადამჭრელი ზომები და რეაგირება მოხდეს „სინოჰიდროს“ საქმიანობაზე საქართველოში, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და დაუსჯელი რჩება ჩადენილი კრიმინალისთვის.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ უკვე მესამე თვეა სწავლობს კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობას საქართველოში და კვლევა 2018 წლის აპრილში გამოქვეყნდება.



კომენტარები