„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის საჯარო განხილვაზე დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო

27 მარტი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების საჯარო განხილვას დაესწრო და შეკითხვის უფლებით ისარგებლა. როგორც შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ორგანიზაციას აინტერესებს, რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო განპირობებული საპროექტო მომსახურების ტენდერი გამოცხადებული, როდესაც დოკუმენტი სამი წლის შემდეგაც მიღებული არ არის, რატომ არ ახდენდა დედაქალაქის მერია ხელშეკრულების შეწყვეტას შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“, როდესაც ხელშეკრულების ღირებულების 5% უკვე აღემატებოდა დაჯარიმებები და სახეზე იყო წარმოდგენილი დოკუმენტის ნაკლოვანი მხარეები, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში და აპირებდა თუ არა მერია დაეყენებია საკითხი გადახდილი 2 მლნ ლარის დაბრუნებაზე და გადახდილი ხარჯების მიზნობრიობის შესწავლაზე, რაზედაც დისკუსიის წამყვანმა, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ ეს საკითხები ორგანიზაციისგან საჯარო სივრცეში ისედაც ესმოდა.

სასტუმრო „ბილტმორში“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა, გენგეგმის შესახებ პრეზენტაცია კი, მერის მოადგილე ილია ელოშვილმა წარადგინა. შეხვედრაზე მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას რიგი საკითხები, მათ შორის, კერძო საკუთრების ცნება არ არის გათვალისწინებული.

 



კომენტარები