თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის საქმეზე თავის გადაწყვეტილებას 2018 წლის 3 მაისს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, საქმის განმხილველმა თავმჯდომარე მოსამართლე მაია ხოლოაშვილმა განაცხადა. 3 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნება დაცვის მხარის სიტყვაც. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.
2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმეზე გადაწყვეტილება 3 მაისს, 11:00 საათზე გამოცხადდება.