სასამართლოს გადაწყვეტილება ხაშურის ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ სააპელაციო წესით გასაჩივრდება

5 აპრილი, 2018

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გასაჩივრდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“  შეფასებით, მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილის გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს, თავშივე იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის სწორ სამართლებრივ დასკვნებს. მეტიც, სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ სცნო. შესაბამისად, სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარჩელით მოთხოვნილ იქნა ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად.

კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებას და მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვას გეგმავს. სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მიიღო. იმავდროულად, ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქმეზე მოკვლევას აწარმოებს ხაშურის რაიონული სამმართველო, სადაც დაიკითხნენ მოსამარჩელეები და საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით ნოზაძე.



კომენტარები