ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, ბატონ დიმიტრი შაშკინს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ სასამართლო სხდომებზე დასწრებას ვთავაზობთ, რა დროსაც განხილულ იქნება თავისი ხელმოწერით, 2010 წელს, თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლის მიერ კურსდამთავრებულ ნინო ქუმსიაშვილის სახელზე გაცემული სახელობო განათლების სერტიფიკატის კანონიერების საკითხი. 2013 წლის 17 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სერტიფიკატის ნამდვილობა არ დადასტურდა და მიზეზად დასახელებულ იქნა 2008-2009 წლებში, სასწავლებლისთვის სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის არქონა. ნინო ქუმსიაშვილი, რომელიც აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტი გახლდათ, დღეს შრომითი ურთიერთობის მოშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულია ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი, სადაც მოცემულ ეტაპზე, ქალბატონი ნინო ქუმსიაშვილი საქმიანობს. სამედიცინო ცენტრი ცნობს წარდგენილ სარჩელს და შესაგებელ სარჩელში აღნიშნავს, რომ „ნინო ქუმსიაშვილის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) წარმოდგენის შემთხვევაში, კვლავ დადგება მისი მედდის პოზციაზე გადაყვანის საკითხი.“ (სტილი დაცულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალი ამბების სააგენტოებთან, „ივერონთან“ და „ნიუპოსტთან“ საუბარში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებულ სარჩელს, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრისთვის შეუფერებელი ტერმინოლოგიით ეხმაურება და პრობლემას, რომელიც ნინო ქუმსიაშვილისთვისაც მოულოდნელად გახდა ცნობილი, „სრულ აბდა–უბდას“ უწოდებს. დიმიტრი შაშკინი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროფესიული შესაძლებლობების დაკნინებითა და ამ ორგანიზაციაში მყოფი ცალკეული სამართლის სპეციალისტების შეურაცხყოფით ცდილობს, საქმისადმი, მედიისა და საზოგადოების ინტერესი გაფანტოს. დიმიტრი შაშკინის ამოცანაა საკუთარი შეფასებებით დაფაროს ის პრობლემები, რომელიც სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლს შორის ურთიერთობაში არსებობდა. ჩვენი აზრით, არაკვალიფიციურობა და არაპროფესიონალიზმი სწორედ იმ შედეგით შეიძლება შევაფასოთ, რომელიც ნინო ქუმსიაშვილის შემთხვევამ გამოკვეთა. მთავარი საკითხი, რომელიც საქმიდან გამომდინარეობს, შეკითხვაა:
1. რატომ მოაწერა ხელი სერტიფიკატს დიმიტრი შაშკინმა, თუკი მისთვისაც და სამინისტროს უფლებამოსილი რგოლისთვის ცნობილი იყო სასწავლებლისთვის შეჩერებული ლიცენზია?!
2. ვისი ხელმოწერით მიენიჭა სერთიფიკატს იურიდიული ძალა – მინისტრის ხელმოწერით თუ სასწავლებლის დირექტორის ხელმოწერით?
3. ვინ მოამზადა სერტიფიკატი კურსდამთავრებულისთვის გადასაცემად – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სასწავლებელმა თუ სამინისტრომ?
4. რატომ აცხადებს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დიმიტრი შაშკინის მიერ ხელმოწერილ სერტიფიკატს უკანონოდ?
5. მოხდა თუ არა სერტიფიკატის გაცემის დროს ნინო ქუმსიაშვილის ინფორიმირება სასწავლებლის სტატუსის შესახებ, გაცემული სერტიფიკატის ნამდვილობისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც სადღეისოდ კვალიფიციურ კადრს შრომითი ურთობის შეწყვეტის წინაშე ამყოფებს? ვის უნდა მოეხდინა ასეთი ინფორმირება, მინისტრს, რომლის ხელმოწერაც გააჩნია სერტიფიკატს, სასწავლებელს, რომელმაც კურსდამთავრებულის სტატუსი მიანიჭა ნინო ქუმსიაშვილს თუ საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც განათლების ხარისხის კონტროლის მთავარ ორგანოს წარმოადგენს?
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, ნინო ქუმსიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სხვა ბევრი შეკითხვაც არსებობს, რომელიც საქმისწარმოების პროცესში დაისმება. ორგანიზაცია მოცემულ საქმეს სიღმისეულად გაეცნო, მათ შორის კანონმდებლობას და დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯულება ობიეტურად შეაფასებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას. ორგანიზაციის დღევანდელი განცხადება (ბრიფინგი) სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდგომ მომზადებული საჯარო განცხადება გახლდათ. სასამართლომდე ნინო ქუმსიაშვილის ოჯახს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, არაერთი შეხვედრა და კორესპონდენცია მომზადდა ცენტრის ხელმძღვანელებთან, თუმცა პრობლემა მხოლოდ არაოფიციალურ საუბრებში დადასტურდა, ოფიციალურად კი, საგანმნათლებლო ცენტრმა სასამართლოსკენ მიგვითითა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ გადაწყვეტილებაც, ნინო ქუმსიაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები სასამართლო წესით დაგვეცვა, სწორედ სასამართლომდე არსებული კომუნიკაციის უშედეგობის შემდეგ მივიღეთ. ამიტომაც, მართლმსაჯულება მიგვაჩნია იმ ინსტანციად, რომელიც ჭეშმარიტებას დაადგენს საქმეზე. ორგანიზაციის არც ერთი ხელმძღვანელი და იურისტი თავს უფლებას არ მივცემთ პოლემიკაში აღმოვჩნდეთ თქვენთან, რადგანაც ყველა თქვენი დღევანდელი (12 ივლისი, 2013) განცხადება წარმოადგენს საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევას. ჩვენ ჩვენს პროფესიულ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და შევეცდებით სიმართლე და მოსაზრებები, რომელიც სარჩელში და ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დღევანდელ მედია–რელიზშია აღნიშნული, სასამართლო ეტაპზე დავადასტუროთ. მედია ამ საქმეს უწოდებს თქვენდამი „ბრალდებას“ თქვენ „აბდა–უბდას,“ ჩვენ კი გვჩვევია გაცხარებისა და დემოგაგოგიის გარეშე, ფაქტებით, მტკიცებულებებითა და ხელმოწერილი დოკუმენტების სახით საუბარი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს, სიმართლის ინტერესებს უნდა პასუხობდეს.
განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი შაშკინმა დღევანდელ თავის განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტებაც გააკეთა, რომლის მიმართაც, გვსურს საზოგადოებას ჩვენი შეხედულება შევთავაზოთ. კერძოდ:
ა) თითქოსდა ნინო ქუმსიაშვილს გაცემული სერტიფიკატი (დიპლომი) დაეკარგა და ხელმეორედ მიმართა გაცემისთვის. კურსდამთავრებულს განემარტა დიპლომის ხარისხის მნიშვნელობა და ფლობდა ინფორმაციას დოკუმენტის არასრულობის შესახებ. ნინო ქუმსიაშვილის ოჯახის განცხადებაა, რომ ასეთი ინფორმირება არც ერთხელ არ მომხდარა, გააჩნია გაცემული სერტიფიკატის ორიგინალი და მისი დაკარგვა არ მომხდარა.
ბ) თოთქოსდა ნინო ქუმსიაშვილის შემთხვევა მხოლოდ „ერთი ბავშვის ისტორიაა.“ ორგანიზაცია განმარტავს, რომ პრობლემის წინაშე დგას თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლის 2010 წლის ყველა ის კურსდამთავრებული, რომელთა სწავლის დამამთავრებელ სერტიფიკატებს ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერა გააჩნია. სასამართლო მხოლოდ ერთი მათგანის – ნინო ქუმსიაშვილის ქეისს განიხილავს, რომელიც მზად აღმოჩნდა საკუთარი სიმართლისთვის სასამართლოს მიემართა, თუმცა საზოგადოებას ვატყობინებთ, რომ ნინო ქუმსიაშვილის მდგომარეობაში, ვგულისხმობთ ძალადაკარგულად მიჩნეულ სერტიფიკატებს, დაახლოებით, 100–მდე კურსდამტავრებულია.
გ) დიმიტრი შაშკინი ყურადღებას ამახვილებს თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლის მიერ კურსდამთავრებულებისთვის გაცემული დოკუმენტის სახელობით მნიშვნელობაზე. ორგანიზაცია განმარტავს, რომ სასწავლებლის მიერ გაცემულია სერტიფიკატი და არა დიპლომი, თუმცა ვერც სერტიფიკატი და ვერც დიპლომი, თავისი შინაარსით და არსით, ვერ ცვლის პრობლემას. დიმიტრი შაშკინის ხელმოწერა სერტიფიკატს ექმნებოდა თუ დიპლომს, პასუხისმგებლობას ვერ ხსნის. დიმიტრი შაშკინის მიერ მითითება, გაიცა სერტიფიკატი თუ გაიცა დიპლომი, სამართლებრივი მსჯელობითაც, პრობლემას იგივეს ტოვებს. ამიტომაც, ამ თემაზე მსჯელობა უსაგნოდ მიგვაჩნია. მედია–რელიზის სათაურში იქნებოდა: „დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, სტუდენტების დიპლომები ყალბდებოდა“ თუ „დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, სტუდენტების სერტიფიკატები ყალბდებოდა“, ყოფილი მინისტრის ფრაზეოლოგიასაც ვერ შეცვლიდა.
დ) დიმიტრი შაშკინი განმარტავს, რომ გახმაურებულ საქმეში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ყოფილი მინისტრი მიგვითითებს, რომ „გარკვევა“ სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის, სამინისტროს მაკონტროლებელი ორგანოებისთვის მიმართვით ვუზრუნველყოთ. რა თქმა უნდა, სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ამ ამბით, რომლისთვისაც პრობლემა სიახლე არ არის და დღევანდელი მედიის მეშვეობით არ გაუგია. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სამინისტროს და თუკი შესაბამისი სტრუქტურები ჩათვლიან, დაიწყოს მოკვლევა. ჩვენ არ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რადგანაც ჩვენი მიზანი არ არის ყოფილი მინისტრის დაჭერა, ბრალდება ან/და სხვა სანქცირება. ჩვენი მიზანი ნინო ქუმსიაშვილისა და მასთან ერთად, სხვა კურსდამთავრებულებისთვის მირებული სერთიფიკატების (დიპლომების) აღიარებაა. ამ მიმართულებით, სასამართლოს უკვე მივმართეთ და მხოლოდ ორი სასარჩელო მოთხოვნა გაგვაჩნია: გაუქმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ 2013 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება დიპლომის არაღიარების შესახებ და ცენტრს დაეკისროს ახალი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის გამოცემა ნინო ქუმსიაშვილის სახელზე გაცემული სახელობო განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
ე) ჩვენ გვესმის, რომ დიმიტრი შაშკინი ყოფილი მაღალჩინოსიანია. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ჭირვეულ პროცესს, შესაძლებელია მასთან კითხვები ჰქონდეს, რადგანაც დიმიტრი შაშკინი, საქართველოში, არც რიგითი კაცი იყო და არც მხოლოდ განათლების მინისტრი. დიმიტრი შაშკინმა ყოფილ ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების და პროტესტის უყურადღებოდ დატოვება უკვე შეცდომად ჩაუთვალა და დადო პირობა, რომ საკუთარი უდანაშაულობა, ყოველთვის გამოხმაურების გარეშე არ დატოვოს. მიგვაჩნია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გამოთქმული დღევანდელი ეპითეტები ყოფილი მინისტრის პიარ–სტრატეგიის შედეგია. გამოხმაურება შედგა, მაგრამ ორგანიზაციის დადანაშაულება პოლიტიკური ტონის განცხადებაში, სამთავრობო პოზიციის გახმაურებაში და საკითხის წარმოჩენა, თითქოსდა ყოფილი მინისტრის მიმართ „ახალაგზარდა ადვოკატების“ განცხადება მიზანმიმართული გლობალური შავი პიარის შედეგია, ძალიან სუსტ პოზიციებში აყენებს თავად ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსს, როგორიც დიმიტრი შაშკინია. ორგანიზაცია სტრუქტურირებული არასამთავრობო, აპოლიტიკური გაერთიანება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 35 წლამდე წევრი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა, რომლის ხელმძღვანელების პიროვნული და პროფესიული პრინციპები მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სამწუხაროა, რომ შაშკინმა არაფერი იცის ასეთი ახალგაზრდების შესახებ, რადგანაც მაშინ არც ადამიანი, არც ღირსება და არც სამშობლო არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. როგორც ჩანს, მას და მასთან ერთად სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ დღევანდელი განცხადების მიმართ, სოციალურ ქსელებში, ყველაზე რადიკალურ შეხედულებებსაც კი არ იშურებდნენ, ორგანიზაციის ის აქტიურობები გაახსენდათ, რომელიც დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში, განათლების სისტემაში არსებული დარღვევების გამოაშკარავებით ხდებოდა. დიმიტრი შაშკინის პოლიტიკას საგანმანათლებლო სისტემაში არაერთი ოჯახის დასჯა მოჰყვა. პოლიტიკური გათავისუფლებები დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს არსებული სინამდვილე გახლადთ. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ ყოფილი მინისტრის დღევანდელი შეურაცხმყოფელი განცადება, მისი ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილი კაიკაციშვილის მიმართ, პროფესიული ღირსების შემლახველი გამონათქვამები, შემთხვევითი გარემოებაც არ ყოფილა. სწორედ დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, სამინისტროს პროფესიული ორიენტაციის მიმართულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლალი ებანოიძის მონაწილეობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. სამინისტრომ ლალი ებანოძის მეშვეობით კოლეჯის დირექტორ დავით მშჭედლიშვილს მოადგილის მოხსნის გადაწყვეტილება დაავალა. ამ რეზონანსულმა საქმემ შეიწირა ლალი ებანოიძე, ხოლო მთლიანად გააშისვლა დავით მჭედლიშვილის კლანური მმართველობა სასწავლებელში. არჩილ კაიკაციშვილმა საზოგადოებას პოლიტიკურ გათავისუფლებაში სამინისტროს მონაწილეობის არაერთი მტკიცებულება წარუდინა საზოგადოებას. პოლიტიკური გათავისუფლების ფაქტი დაადასტურეს ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოებმა. საქმეს ამჟამად უზენაესი სასამართლო განიხილავს და როგორც ჩანს, ყოფილ მინისტრს აღნიშნული ისტორია, ძალიან კარგად ახსოვს. ორგანიზაციის ლიდერის და ორგანიზაციის შეურაცხყოფაც, სწირედ ამ კონტესტით უნდა იყოს საინტერესო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამოვრიცხავთ, დიმიტრი შაშკინის მიმართ, საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, სასამართლოს მივმართოთ, ნინო ქუმსიაშვილის საქმეზე კი, პროცესი გაგრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირი დაესწროს ამ სასამართლოს, განსაკუთრებით მედია, რომელიც სიმართლეს ეტყვის საზოგადოებას სერტიფიკატებზე დიმიტრი შაშკინის ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ.