საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში თემურ ბასილიას საქმეზე გაკეთებულ შეფასებას ეხმაურებიან და მიუთითებენ, რომ ანგარიშში დასმული ყველა აქცენტი არსებული სინამდვილის ობიექტურ ასახვას წარმოადგენს.
„საქართველოს პროკურატურის მიერ 2017 წლის იანვარში მიღებული დადგენილების შემდგომ, რომლითაც ახალმა გამოძიებამ ცალსახად დაადგინა თემურ ბასილიას საქმეში წინა ხელისუფლების მხრიდან უფლებების არსებითი დარღვევა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრდების გადახედვაზე, კანონით დადგენილი წესით, საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა. 2017 წლის 11 აპრილს, ჩვენ გვქონდა მძაფრი შეფასება და აღვნიშნეთ, რომ თემურ ბასილიას მიმართ პოლიტიკური დევნა გრძელდებოდა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებითი განხილვის ნაცვლად, სრულიად სხვა პოზიციები შემოგვთავაზა - პროკურატურის შუამდგომლობა თემურ ბასილიას საქმის გადახედვაზე, არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნებოდა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, თავის დროზე, 2008 წლის 27 ოქტომბერს, თემურ ბასილიას მიმართ განაჩენი გამოტანილი ჰქონდა მის დაუსწრებლად და აღნიშნული გასაჩივრებული არ ყოფილა სააპელაციო წესით. შესაბამისად, თემურ ბასილიას საქმეზე წინა ხელისუფლების დროს დაწყებული სამართალწარმოების პროცესი დასრულებულად არ ჩაითვალა, რაც არ გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გააუქმა თემურ ბასილიას საქმის გადახედვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა ამავე სასამართლოს და საქმეზე დადგინდა სხვა განმხილველი მოსამართლეთა შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე პირველი სხდომა 2017 წლის მაისში დაინიშნა, ფაქტობრივად, სასამართლო მოკლებული აღმოჩნდა შესაძლებლობას თემურ ბასილიას საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულება განხორციელებულიყო. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და თემურ ბასილიას ადვოკატები, საზოგადოებას და საერთაშორისო ინსტიტუციებს მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას საქმისწარმოების პროცესის და შედეგების თაობაზე. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დაფიქსირებული მსჯელობაც სრულად ასახავს რეალობას და ამ პროცესში, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის, ასევე სასამართლო სისტემის დამოკიდებულებების ხარისხსს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თემურ ბასილიას საქმეზე მიღებულ იქნება კანონიერი გადაწყვეტილება და სისტემური დანაშაულის კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო შეძლებს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას“ - ნათქვამია თემურ ბასილიას ადვოკატების განცხადებაში.
ცნობისთვის: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი: „კიდევ ერთ გადადებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო პროკურატურის მოთხოვნა, რომ გადაეხედა თემურ ბასილიას, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწის, 2008 წლის საქმისთვის. პროკურატურის მოთხოვნა ეფუძნებოდა გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები თემურ ბასილიას სისხლის სამართლებლივ დევნაში. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა სააპელაციო სასამართლოს დაეწყო ამ საქმის გადახედვა, ივლისში სასამართლომ დაიწყო მისი განხილვა, თუმცა შემდგომში არაერთხელ გადადო სასამართლო სხდომები“.
თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 3 მაისს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.