ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და „ღია საზოგადოების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დადების ღონისძიება ს დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება. როგორც შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და ფონდის დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადეს, უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს, როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, პაციენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მაღალკვალიფიციური ათი ადვოკატი მოემსახურება, მათ შორის რეგიონებში. ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1 ივლისიდან ამოქმედდება პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი. ამავე პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
ფონდის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებმა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა) ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები სამედიცინო სფეროში. კერძოდ: პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პროექტის განხორციელებისას მიღებული მონაცემების ანალიზით, მოქალაქეთა პრობლემების და მომართვების 93% ეხებოდა სამედიცინო სერვისების მიღების დაფინანსებას და პრობლემებს სერვისების მიღების დროს, სამედიცინო პერსონალის მხრიდან კონფიდენციალობის დარღვევის, ინფორმირებული თანხმობის არარსებობის და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობის შემთხვევებს. 2000 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიღებულ იქნა 17 კანონი და ათასამდე ნორმატიული აქტი, რომლის მიზანია ერთი მხრივ სფეროს მოწესრიგება და მეორე მხრივ პაციენტის უფლებების დაცვა, თუმცა მიუხედავად ასეთი კანონების არსებობისა, ქვეყანაში არ არის განვითარებული სამოქალაქო თუ სოციალური ადვოკატირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის - პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებისთვის და შეზღუდული (ფიზიკური და მენტალური) შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა და ზოგადად მომსახურების მიღება. 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპიოიდების დანიშვნასა და გამოწერაზე უფლებამოსილ ექიმთა მხოლოდ 33-38% იცნობს ოპიოიდების მარეგულირებელ კანონმდებლობას, პრაქტიკაში კი მხოლოდ 18-23% იყენებს. აღნიშნული მნიშვნელოვნად არღვევს პაციენტის უფლებას იცხოვროს ტკივილის გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე და ხშირ შემთხვევაში, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით.
შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მიესალმა მემორანდუმის გაფორმებას და შესაძლებლობას, ინსტიტუციური თანამშრომლობის გზით გადაიჭრას საჭიროების მქონე პირთა სამართლებრივი პორბლემები. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილის კითხვა ეხებოდა იურიდიული მომსახურების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხებს, რაზედაც აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბაჟი და მოსაკრებელი ანაზღაურდება და არ იქნება დახმარების მიმღები პირების მიერ გადახდილი.