ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე სასამართლოებში არსებულ პრობლემაზე განცახდებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, განახორციელოს სწრაფი მართლმსაჯულება და ყურადღება დაეთმოს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის რეალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
ორგანიზაციის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დროულად არ ხდება პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საქმეების განხილვა. ხშირ შემთხვევაში, გაჭიანურებული სამართალწარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები აღუსრულებელი რჩება, ვინაიდან დგება მხარდაჭერის მიღების საჭიროების მქონე პირების გარდაცვალების ფაქტები. შესაბამისად, პრობლემის დაძლევის შესაძლებლობას წარმოადგენს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. შესწავლილი სტატისტიკის თანახმად, რომელიც ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის მაისის თვის მონაცემებს, ამჟამად წარმოებაშია 332 საქმე.
ორგანიზაციის განცხადებით, 2014 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ფსიქიკური/გონებრივი დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. აღნიშნული ამავდროულად განპირობებული იყო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებიდან ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ტერმინები: „სულით ავადმყოფობა“ და „ჭკუასუსტობა“. 2015 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, დამკვიდრდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ცნება, რომელიც „მხარდაჭერის მიმღები პირის“ ცნების იდენტურია. აღნიშნული ცვლილებები დადებითად აისახა კანონმდებლობის დახვეწის პროცესზე.
2015 წლის 1 აპრილიდან ფიქსირდება სასამართლოს მიმართვიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე. 2015 წელს აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა 242 განცხადება, რომელთაგანაც განხილულ და დაკმაყოფილებულ იქნა 19. 2016 წელს განცხადებების რაოდენობა შეადგენდა 442-ს, რომელთაგანაც განხილულ და დაკმაყოფილებულ იქნა 57. 2017 წელს მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე, განცხადებების რაოდენობა შეადგენდა 497-ს, რომელთაგანაც სასამართლომ განიხილა 364, მათგან 361 განცხადება დაკმაყოფილდა. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, სასამართლოში შესულია 223 განცხადება. დღევანდელი მდგომარეობით, განხილულია 124 საქმე და იმავდროულად დაკმაყოფილდა თითოეული მათგანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული სფეროებისა, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი, იგივე მხარდაჭერის მიმღები, წარმოადგენს პირს, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბროკოლებათან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამავდროულად, პირი უნდა იყოს სრულწლოვანი და აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად უნდა ართულებდეს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას კონკრეტულ სფეროებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი. ამავდროულად, პირის მხარდამჭერად დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი და ურთიერთდამოკიდებულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტიურად აგრძელებს პრობლემურ საკითხზე სასამართლოსთან ინსტიტუციურ დიალოგს და ორგანიზაციის საქმისწარმოების პრაქტიკიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.