ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიას აგრძელებს და ხელმისაწვდომსა და საჯაროს ხდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებელ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ 2018 წლის 13 აპრილის ახალ შეთანხმებას, რომლითაც სახელმწიფომ განახორციელა დათმობები, შემსრულებელ ორგანიზაციას აპატია გადასახდელი ჯარიმები და სამუშაოების შესრულებისთვის, გაუხანგრძლივა ხელშეკრულების ვადები 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2018 წლის 13 აპრილის მხარეთა შორის #11 შეთანხმების სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #20 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით არაერთი არსებითი პირობა იქნა სახეცვლილი, რაც ერთის მხრივ, შესაძლოა შეფასდეს დადებითად, ხოლო მეორეს მხრივ, ვინაიდან ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული სამართლებრივი ბუნებით განხორციელებული ცვლილებები, საგანგაშოა იმ კუთხით, რომ არღვევს სახელმწიფოს მიმართ დადგენილ იმპერატიულ და მკაცრ რეგულაციებს, რისმა უგულვებელყოფამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს კორუფციის არსებობის საფუძვლიანი ეჭვი.
წარმოდგენილი ცვლილებით ხელშეკრულების მხარედ დამასრულებელ ეტაპზე ჩაერთო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, არსებული სიახლე შესაძლოა განპირობებულია საზოგადოების მაღალი ინტერესით და საკითხის მნიშვნელობით, თუმცა სამართლებრივად არაერთი კითხვა ჩნდება აღნიშნული გარემოების მიმართ. არქიტექტურის სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
კანონის თანახმად, ის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა დამოუკიდებლად გამოვიდეს სამართალ-ურთიერთობებში. წარმოდგენილი ცვლილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეკრულების მხარედ შემოსვლა დამასრულებელ ეტაპზე, გონივრულად წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არქიტექტურის სამსახურის დამოუკიდებელ საქმიანობაში უხეშ ჩარევას.
მერიის მხარედ ჩართვაზე განმარტებულია, რომ განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლითაც მერიამ შეიძინა ხელშეკრულებით „შემსყიდველისათვის“ განკუთვნილი ყველა უფლება და ვალდებულება, რაც ბუნდოვანია.
წარმოდგენილი ცვლილების მე-6 და მე-7 პუნქტები, კიდევ უფრო გაუგებარი და ბუნდოვანია, ვინაიდან მისი შინაარსობრივი განსჯიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ მიმწოდებელს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართ განხორციელდა დაკისრებული ან დასაკისრებელი ჯარიმების კორექტირება, რომელიც შემცირებაში გამოიხატა. ამასთან, 800 000 ლარი იქნა დარჩენილი ბოლო ჩარიცხვისთვის, რომელიც 738 000 ლარით განისაზღვრა და იქვე აღნიშნა, რომ ეს არ წარმოადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების შემცირებას ან ურთიერთმოთხოვნათა აღიარებას და გაქვითვას. შესაბამისად, ამ ნაწილში დაუსაბუთებელი და გაუგებარია წარმოდგენილი შეთანხმება.
ამასთან, განსაზღვრული 738 000 ლარის გადარიცხვა მიმწოდებლისთვის ორ ეტაპად შეთანხმდა. კერძოდ, პირველი ეტაპი - 600 000 ლარი და მეორე ეტაპი - 138 000 ლარი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ უნდა იქნე გადახდილი. აღნიშნული გაუგებარია, ვინაიდან მიმწოდებლის მიმართ არაერთი დარღვევა იქნა გამოვლენილი, რაზეც განხორციელდა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ამ რისკზე წასვლა, გაუმართლებელია უკვე არსებული ურთიერთობის შემდგომ რას ეფუძნება ვარაუდი მიმწოდებლის მიერ ვალდებულებათა უნაკლოდ შესრულების.
ამ შეთანხმების ყველაზე დაუსაბუთებელ ნაწილს წარმოადგენს ვადის გაგრძელება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 ოქტომბერი, რაც საბოლოო ჯამში, ხელშეკრულების მოქმედების 3-წლიანი და 2-კვირიანი ვადა შეადგინა. მიუხედავად დათქმისა, რომ ეს იქნება საბოლოო დათმობა და მხარეს აღარ ექნება უფლება მოითხოვოს დამატებითი ვადა, ცვლილება საგანგაშოა, ვინაიდან არაერთხელ განხორციელდა ვადის გაგრძელება, რაც სამართლებრივად გულისხმობს დამატებითი ვადის დაწესებას.
ამასთან, ხელშეკრულების გამარტივებული წესით დადებისას კანონი იპერატიულად განსაზღვრავს შემთხვევებს, თუ სად უნდა იქნეს გამოყენებული გამარტივებული შესყიდვა. კერძოდ, ნორმატიული დანაწესის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია, თუკი საჯარო მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელება უნდა მოხდეს მცირე დროში და ოფიციალურმა ფორმალობებმა ხელი არ შეუშალოს პროექტის განხორციელებას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანებით, რომელიც ეხება გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრას, დაზუსტდა წინამდებარე ნორმის შინაარსი. კერძოდ, ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ პუნქტი - სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო ღონისძიების განხორციელების თარიღები დადგენილია წინასწარ და არის საკმაოდ მცირე დრო.
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #020 სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, დაიდო გამარტივებული შესყიდვით იმ მიზნით, რომ ხელშეკრულების ობიექტი მომზადებულიყო მოკლე ვადებში, ვინაიდან სახეზე იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესი. 2015 წელს თბილისის მერიამ შემჭიდროებულ ვადად მიიჩნია 20 თვე და ასევე, მათი ხედვით, სახეზე იყო ის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამარტივებული შესყიდვა.
მიუხედავად არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ ქალაქისთვის საჭირო იყო განვითარების გენერალური გეგმა, ორ წელიწად ნახევარზე მეტია გასული და ქალაქს აღნიშნულ გეგმა კიდევ არ აქვს, ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადამ კი სამი წელი და ორი კვირა შეადგინა. სწორედ აღნიშნული გარემოებები ნათლად უთითებს, რომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული ხელშეკრულების დადება სრულიად უკანონოა, რადგან არ შეესაბამება კანონით იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნებს.
წარმოდგენილი ხარვეზების მიუხედავად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ამ დრომდე დაუდგენელი იყო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გაზიარებული აქვს ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაციები, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკითხზე 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში იქნა აღნიშნული. კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეების და საჯარო ინტერესის დაპირისპირებისას მომზადებულ იქნეს რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა იქნეს საკითხი დარეგულირებული. მიმწოდებლის მიერ მომზადებულ მასალებში არსებული ხარვეზები აღმოფხვრა, რაც გულისხმობს გამორჩენილი მნიშვნელოვანი ობიექტების დამატებას.
მნიშვნელოვანია, რომ მიმწოდებელს დაევალა განმარტებითი ბარათით ნორმატიული აქტის მომზადება. თბილისის გენერალური გეგმა წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, თუმცა მე-11 შეთანხმებამდე, არ არსებობდა ჩანაწერი, თუ ვის უნდა უზრუნველყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადება, რაც უდავოდ ხელშეკრულების ხარვეზს წარმოადგენდა.
იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული პროექტის უზრუნველყოფისთვის, 2 800 000 ლარი იქნა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და მიმწოდებელს მხოლოდ დასაბუთება უნდა მოემზადებინა, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იყო, ვინაიდან ძირითადი შედეგი არის ნორმატიული აქტის მომზადება და შემდგომ მისი განხილვა საკრებულოში.
2018 წლის 13 აპრილის შეთანხმება დადებითად იქნებოდა შეფასებული იმ შემთხვევაში, რომ არ იყოს კონფლიქტი ხელშეკრულების დადების საფუძვლებსა და არსებულ შეთანხმებას შორის, ვინაიდან ვადის გაგრძელება უშუალოდ გასცდა თავდაპირველ მიზნებს და დღეის მდგომარეობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გამარტივებული შესყიდვის მექანიზმით ჩატარებული ტენდერის კანონიერება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე მოკვლევას და სამართლებრივ ანალიზსს აგრძელებს. შესაბამისად, პროცესს დააკვირდება და საზოგადოებას წარუდგენს შესწავლის დამატებით ანალიზსს.