ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ელ-მატარებლების მემანქანეებს, მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში, შეეზღუდათ დეკლარირებულ გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ კონფლიქტშია საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო აქტებთან და დებულებებთან, ხოლო მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის განჩინება ლახავს არამხოლოდ ადამიანის საყოველთაო უფლებებს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის ევროკონვენციის მე-10 მუხლთან - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფასთან. სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემსახურება დემოკრატიულ საზოგადოებაში დამკვიდრებული პრინციპების პატივისცემას.
ორგანიზაციის შეფასებით, დასაქმებულების მხრიდან გაფიცვის უფლება აღიარებულია საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, 33-ე მუხლით, რომელიც მიუთითებს, რომ „გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს.“ ამასთან, კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები არის ზოგადი, რომელიც კონკრეტდება ცალკეული რეგულაციებით, თუმცა დაუშვებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ნორმატიული აქტით დაუსაბუთებლად შეიზღუდოს. გაფიცვის უფლების რეალიზაციის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, რომელიც კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს. შრომის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გაფიცვის უფლება ცალკეული გარემოებების არსებობისას შესაძლოა გადაიდოს არაუმეტეს 30 დღით, რაც გულისხმობს, რომ გაფიცვის უფლების შეზღუდვა 30 დღით ემსახურება დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს.
კონსტიტუციის 33-ე მუხლის ბოლო წინადადებას რეალიზებას ემსახურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-43/ნ ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია ის სამუშაოს აღწერილობა, რომელსაც ეზღუდება გაფიცვის უფლება სამუშაო საათებში და აღნიშნული ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნულ ნუსხაში არ არის შეტანილი მეტროპოლიტენის თანამშრომლები.
ნორმატიული მოწესრიგებით დეტალურად არის განსაზღვრული გარემოებები, ვის აქვს გაფიცვის უფლება და ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ვის ეზღუდება ნაწილობრივ. უნდა აღინიშნოს, რომ გაფიცვის უფლება წარმოადგენს დამსაქმებლის მიმართ იძულების მექანიზმს, გაითვალისწინოს დასაქმებულის უფლებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ დამსაქმებელმა გაითავისოს დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულების მნიშვნელობა იმ მომენტში, როდესაც ისინი გაფიცულები იქნებიან ანუ არ შეასრულებენ მასზე დაკისრებულ მოვალეობას, გაფიცვის უფლების კონსტიტუციით აღიარება მოიაზრებს იმასაც, რომ დამსაქმებელს მიადგეს ფინანსური ზიანი, რათა მისი მხრიდან საკითხი მეტი სერიოზულობით იქნეს აღქმული. ამასთან, გაფიცვის გადადებას აქვს, როგორც აუცილებელი გარემოებით გადავადების მიზანი, ასევე გადადებისთვის გამოთავისუფლებული 30 დღე ეფექტურად იქნეს გამოყენებული, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება.
მოცემულ შემთხვევაში, ორი სამართლებრივი ასპექტია მნიშვნელოვანი: პირველი - არსებობს თუ არა მომავალი სარჩელით დავის საგანი, რა არის ეს დავის საგანი და მეორე - რამდენად გამართლებულია დასაქმებულთა გაფიცვის უფლების შეზღუდვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის?
შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ სასამართლო მსჯელობს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ იმ შემთხვევაში თუ „ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა“. მოცემული ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე, სახეზე უნდა იყოს მოლაპარაკებებისთვის თავის არიდება და შემდგომ გაფიცვა.
მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულებმა გამოთქვეს მზაობა გაფიცვის, თუმცა რეალურად აღნიშნული არ განხორციელებულა. შესაბამისად, საინტერესოა არსებობს თუ არა დავის საგანი?! ხოლო, მეორე შემთხვევა მეტად საინტერესოა, რადგან ვაწყდებით ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართებას. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონით -საქართველოს შრომის კოდექსით - დადგენილია გაფიცვის უფლების მხოლოდ 30 დღით შეზღუდვა, ხოლო საქართველოს კანონით-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უზრუნველყოფის ღონისძიებით შესაძლებელია მოპასუხეს საქმის დასრულებამდე აეკრძალოს/შეეზღუდოს გარკვეული უფლება, რაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება.
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-7 მუხლით განსაზღვრულია ნორმატიული აქტების იერარქია და ურთიერთმიმართება, რომლის თანახმადაც საქართველოს ორგანული კანონი იერარქიულად ზემდგომია საქართველოს კანონის. შესაბამისად, როდესაც „საქართველოს შრომის კოდექსით“, რომელიც ზემდგომია „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“, აღიარებულია გაფიცვის უფლება და ამასთან, დადგენილია შეზღუდვის მაქსიმალური პერიოდი - 30 დღე, დაუშვებელია ქვემდგომი ნორმატიული აქტით აღნიშნული უფლების გაუარესება განხორციელდეს.
საბოლოო ჯამში, გარდა იმისა, რომ სახეზეა ზემოთ დასახელებული გარემოებები, გაფიცვის უფლების ამგვარი შეზღუდვა აზრს უკარგავს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებას - გაფიცვას, ვინაიდან ამ ინსტიტუტის მთავარი მიზანია დამსაქმებელს მატერიალურად დაანახოს ის რეალური სურათი, თუ რა შრომას ეწევა დასაქმებული და მათი არ არსებობის შემთხვევაში, რა ზიანი მიადგება დამსაქმებელს. ამასთან, ის საკითხი, რომ მეტროპოლიტენის გაჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს დედაქალაქს და შექმნის საავტომობილო კოლაფსს, წარმოადგენს სახელმწიფოს ხარვეზს და მანვე უნდა მოაწესრიგოს ეს საკითხი ცალკეული ღონისძიებებით. ამასთან, მოქალაქეების მიერ უნდა იქნეს საკითხის სწორად აღქმული და მათი ქმედებებით, თუნდაც ამ პერიოდში ფეხით გადაადგილებით, გამოცხადებულ იქნეს სოლიდარობა.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ყველა ადამიანის და მოქალაქის უფლება. შესაბამისად, გაუმართლებელია არგუმენტი ძალთა თანაფარდობაზე, იმ ვითარებაში, როცა აღნიშნულმა, შესაძლოა, სრულად შეზღუდოს ცალკეული სუბიექტების უფლებები, რაც დემოკრატიული საზოგადობისთვის უცხოა.