მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო შესყიდვის ახალი ხელშეკრულებაც დაირღვა

18 ივნისი, 2018

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების სრულყოფილი სახით წარმოდგენაზე სახელმწიფოსა და შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს დადებული შეთანხმება ისევ სახელმწიფოს საზიანოდ დაირღვა და ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია, 15 ივნისის მდგომარეობით, მოხდა თუ არა ბოლო ეტაპის სამუშაოების წარმოდგენა და მისი სავალდებულო ინსპექტირება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაცია მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აგრძელებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების მომზადებაზე 2015 წლის 15 ოქტომბრის დადებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების და მასში განხორციელებული ცვლილებების კვლევას. ორგანიზაციამ 2018 წლის 24 მაისს საზოგადოებას წარუდგინა დამატებითი სამართლებრივი შეფასება და ცნობილი გახადა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული ახალი ხელშეკრულების პირობები, რომელიც ცნობილია ხელშეკრულებაში შესული მე-11 ცვლილებების სახით, რამაც არაერთი არსებითი პირობა შეცვალა.

2018 წლის 13 აპრილის მე-11 შეთანხმებაში განისაზღვრა, რომ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი - საქართველოს” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით უნდა წარედგინა მე-6 დამასრულებელი ეტაპისთვის გათვალისწინებული მომსახურება, რის შემდგომაც, 17 მაისამდე უნდა განხორციელებულიყო შემოწმება/ინსპექტირება და თუკი არ გამოვლინდებოდა რაიმე სახის ხარვეზი, მხარეთა შორის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. მიუხედავად 2018 წლის 13 აპრილის მე-11 შეთანხმების მიზნისა - სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულიყო უკანასკნელად დადგენილ ვადებში - 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ორგანიზაციამ შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ სახელმწიფოსა და შემსრულებელ ორგანიაციას შორის არსებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ხელშეკრულებაში კვლავ განხორციელდა რიგით მე-12 ცვლილება, რომელიც დოკუმენტურად და ნუმერაციულად „11/2“-ით იქნა ასახული.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მე-12 შეთანხმებით შემოწმება/ინსპექტირების ვადა კვლავ გაგრძელდა ერთი თვით და დადგინდა ახალი თარიღი - 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნული ცვლილება ცალსახად მოწმობს გარემოებას, რომ ხელშეკრულება კიდევ ერთხელ დაირღვა, ვინაიდან მე-11 შეთანხმების თანახმად, 17 მაისს დასრულებული უნდა ყოფილიყო შემოწმება, რაც არ განხორციელებულა და უკვე დარღვეული ხელშეკრულების პირობებში, 25 მაისს განხორციელდა ხელშეკრულების ცვლილება.

აღნიშნულ დარღვევასთან მიმართებით შესაძლოა არაკეთილსინდისიერად მოქმედებდეს შემსრულებელი ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელმაც უნდა ვივარაუდოდ, რომ 10 მაისს არ წარმოადგინა დამასრულებელი ეტაპისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია. ამასთან, უნდა ვივარაუდოდ, რომ არც შემსყიდველი სუბიექტი - სახელმწიფო მოიქცა სათანადოდ, რომელმაც ვერ უზრუნველყო სავალდებულო შემოწმების განხორციელება. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე დაშვება საგანგაშოა, ვინაიდან დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება და დარღვევის მიმართ, შესაბამისი რეაგირება არ განხორციელებულა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მე-11 შეთანხმებით ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი - საქართველო“ წინასწარ განთავისუფლდა სამომავლო ჯარიმებისგან, რაც ცალკეულ საფუძვლებს აჩენს იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ ცალკეული პასუხისმგებლობა, რის პრევენციასაც ჯარიმის არსებობა უზრუნველყოფს, რომ დათქმულ დროში შეესრულებინა ვალდებულება.

ამასთან, მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ „სითი - ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართ დაკისრებული ჯარიმები მოცემული ეტაპისთვის სრულად არ არის გადახდილი, ხოლო უკანასკნელად განხორციელებული გადახდა 140 000 ლარის ნაცვლად, შეადგენს 84 000 ლარს, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ განხორციელდა ჯარიმის შემცირება, თუმცა შემსყიდველი - სახელმწიფო ამ ფაქტს უარყოფს და დღემდე ბუნდოვანია, თუ რა სამართლებრივი მოქმედება განხორციელდა. შემსრულებელი ორგანიზაცია, სახელშეკრულებო პერიოდში, ჯამში 296 800 ლარით, 5-ჯერ დაჯარიმდა. აქედან გადახდილია 235 000 ლარი, ხოლო ნარჩენი თანხაა - 61 600 ლარი. 2018 წლის 13 აპრილის მე-11 შეთანხმებით „მიმწოდებლისთვის“ ჩასარიცხი თანხა შეადგენდა 800 000 ლარს, რომელიც კორექტირდა 738 000 ლარამდე, სხვაობა კი - 62 000 ლარს გვაძლევს, თითქმის იგივე ოდენობას, რაც ნარჩენი ჯარიმის თანხა. მიუხედავად „შემსყიდველის“ განმარტებისა, რომ აღნიშნული „არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც „მიმწოდებლის“ თანხმობა ხელშეკრულების საერთო ღირებულების (ფასის) შემცირება ან ურთიერთმოთხოვნათა აღიარება და გაქვითვა“, სამართლებრივად, სხვა მექანიზმი არ არსებობს აღნიშნული მოქმედების მიმართ შეფასებისა იმისა, რომ სავარაუდოდ შემსყიდველმა სამომავლოდ მისაღებ თანხაში გაუქვითა ჯარიმები, რაც სამოქალაქო სტაბილურობის რღვევას იწვევს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეთა შორის 2018 წლის 25 მაისის რიგით მე-12 შეთანხმება მაღალი რისკის მატარებელია, ვინაიდან აჩენს რისკებს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდეგანა კვლავ გადაიდოს. მე-12 ცვლილებით კორექტირდა ცალკეული მოქმედებების თარიღები, მაშინ, როდესაც დამასრულებელ ეტაპზე, მრავალი დოკუმენტია დასამუშავებელი და მე-11 შეთანხმებით აღნიშნული ვადები დეტალურად იქნა გათვლილი. მოცემულ ეტაპზე, დაუდგენელია „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“, რამდენად შეძლებს სახელშეკრულებო ვადებში დაბრუნებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე მოკვლევას და სამართლებრივ ანალიზსს აგრძელებს. შესაბამისად, პროცესს დააკვირდება და საზოგადოებას წარუდგენს შესწავლის დამატებით ანალიზსს.



კომენტარები