არჩილ კაიკაციშვილი - კახა ბექაურის დავალებით, საზოგადეობრივი მაუწყებლიდან სიუჟეტი მოხსნეს

25 ივნისი, 2018

- მინდა სასამართლოს მივაწოდო ინფორმაცია და აღვნიშნო, რომ ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესით არსებობს. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განსაკუთრებით ადარდებს არაკეთილსინდისიერი სტატუსით მოსახლეობის წინაშე საქმიანობა. ორგანიზაცია თანამშრომლობს რამდენიმე ახალი ამბების სააგენტოსთან და გვითხრეს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დავაზე ორგანიზაციის ოფიცილურ განცხადებას მათ საიტზე ვერ განათავსებდნენ, რადგანაც მოსალოდნელი იყო კომპანიის კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორ ეკატერინე ბერიძეს მათთან მომსახურების ხელშეკრულებები გაეწყვიტა. იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელმა ჟურნალისტიკამ პრობლემაზე ყველა მხარის კომენტარი მოისმინოს, ვაწყდებით საწინააღმდეგო სტანდარტებს. ამასთან, დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დილის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ უნდა გასულიყო 25 ივნისის სასამართლო სხდომის მნიშვნელობაზე სიუჟეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გვეცნობა, რომ საკითხზე მომზადებული სიუჟეტი საეთერო ბადიდან მოიხსნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მოხდა ჩარევა და სიუჟეტი მოიხსნა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მიცემულ ინტერვიუში ვსაუბრობდი კომპანიის კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორ ეკატერინე ბერიძის მოწმის სახით დაკითხვის მნიშვნელობაზე, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული აქცენტები საკმარისი საფუძველი გახდა, მაუწყებლის მიმართ ჩარევა განხორციელებულიყო. ამასაც საფუძვლიანად მოგახსენებთ და აღვნიშნავ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკის მიმართ, ბოლო პერიოდის ინტერესებიდან გამომიდინარე, აღნიშნული არ გაუჭირდებოდა ეკატერინე ბერიძის მეუღლეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს. კახა ბექაურს, რომ ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ არ მოწონს, გასაგებია. როდესაც საჯაროდ ვამბობთ იმას, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი მეუღლის შემოსავალსაც უსწრებს და შრომით ანაზღაურება შეადგენს 12 ათასს ლარზე მეტს, საქმის შედეგები კი ნულოვანია, არ უნდა იყოს ტოლერანტული დამოკიდებულებების მქონე, თუმცა ბატონ კახაბერ ბექაურს ავიწყდება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა და სიუჟეტის მოხსნა სავარაუდო დავალების გაცემა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, დასჯადია კოდექსის 154-ე მუხლით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ დავის განხილვისას განაცხადა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ორგანიზაციის სარჩელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიმართ. საქმე ეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის 2017 წლის ნოემბერში, 518.98 ლარით უკანონოდ დაჯარიმების ფაქტს. 2018 წლის 1 თებერვლის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქმედება უსაფუძვლოდ და უკანონოდ იქნა ცნობილი, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სადავოდ დარჩა ნაწილობრივ გაუქმებული სანქციიდან - 86,50 ლარი, რაც გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორმა, ეკატერინე ბერიძემ 2017 წლის 25 დეკემბერს სემეკ-ის მიმართ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გადმოსცა ყალბი, ცრუ და არაობიექტური ინფორმაცია, რითაც შეეცადა კომპანიის ინტერესების დაცვას და შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არღვევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია სასმელი წყლის მიწოდებისა და მომხარების წესები. შეუსაბამო და გაზრდილი ფინანსური დარიცხვით ხდება სასმელი წყლის ღირებულების დაანგარიშება. ირღვევა საჯარიმო აქტების შედგენის წესი. კომპანიას გადაწყვეტილებები გამოაქვს მხარეთა ადმინისტარციულ სხდომებზე მოწვევისა და დასწრების გარეშე. იურიდიული პირების დაჯარიმების შემთხვევაში კი, ადგილი აქვს საოფისე ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, სადაც საჯარო ხასიათს იძენს პერსონალური და კომერციული ხასიათის ინფორმაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიაში მომდევნო სხდომა 2018 წლის 2 ივლისს, 15:00 საათზე გააგრძელებს. საქმეს მოსამართლე ნინო ყანჩაველი განიხილავს.



კომენტარები