მარიო შიუტცეს დანიშვნა განათლების საერთაშორისო ცენტრსა და თსუ-ს ნეპოტიზმში ამხელს

27 ივნისი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის კვლევის ფარგლებში ნეპოტიზმის გარკვეულ ნიშნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესში ყურადღებას იქცევს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორ ნინო ჭელიძისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალქეობის არმქონე პირი, მარიო შიუტცე უზრუნველყოფილია დასაქმებით დასახელებულ ორივე საჯარო სამართლის იურიდიული პირში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნინო ჭელიძე და გიორგი შარვაშიძე წარმოადგენენ მეუღლეებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრიდან 2018 წლის 30 მარტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 2018 წლის 6 ივნისს გამოთხოვილი მასალების საფუძველზე, დადგენილია, რომ მარიო შიუტცე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში იკავებს სასტიპენდიო პროგრამების აპლიკანტების უფლებების დამცველის პოზიციას, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტური ომბუდსმენის თანამდებობას. ორგანიზაციამ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების აპლიკანტების უფლებების დამცველის ინსტიტუტის კვლევა მას შემდეგ გააძლიერა, რა დროსაც საერთო სასამართლოებში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლობით მიმდინარე არაერთ დავაში დადგენილია, რომ მარიო შიუტცეს საქმიანობა ატარებს ფორმალურ ხასიათს, მისი ფუნქციაა ცენტრისგან დაზარალებული აპლიკანტების პრობლემების რაიმე ფორმით გადაწყვეტა და პრობლემის შეცვლა, არამედ რას ამბობს აპლიკანტები პრეტენზიების სახით, ცენტრის ადმინისტრაციამდე მიტანა. ორგანიზაცია ცენტრის წინააღმდეგ თავის არაერთ პრაქტიკულ დავაზე დაყრდნობით, მათ შორის ცენტრის წარმომადგენელი იურისტის სასამართლოს წინაშე მიცემული განმარტებების საფუძველზე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის აუდიო ოქმები, საქმეზე: #3/6295-16) აღნიშნავს, რომ დაუდგენელია, რას ემსახურება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში შექმნილი სასტიპენდიო პროგრამების აპლიკანტების უფლებების დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც არავითარი გადაწყვეტილებების მიღების რეალური კომპეტენცია არ გააჩნია და რა პირადი ურთიერთობების ხარჯზე ფორმდება ყოველწლიურად შრომითი ხელშეკრულებები მარიო შიუტცესთან, რომელიც ცენტრის დირექტორთან პირადი ურთიერთობებით და ლოიალური დამოკიდბეულებით სარგებლობს. ამასთან, რატომ ხდება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან მოჩვენებითი დემოკრატიის შემოთავაზება და იმიტაცია იმის შესახებ, რომ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები და სასამართლოში მიმდინარე დავები საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარმოჩდნეს, როგორც კონკურსანტთა უფლებების დამცველის ფილტრაციის შედეგი.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, მოწოდებული ორი შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ირკვევა, რომ მარიო შიუტცესთან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულებები 2017 წლის 17 ივლისს და 2016 წლის 11 ივლისს. ხელშეკრულებების ვადა შემოსაზღვრულია 1 თვით. მარიო შუტცეს ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 1800 ლარს. დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირაში 15 საათი. დასაქმებული ანგარიშვალდებულია ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის წინაშე და მისი უფლება-მოვალეობა განისაზღვრება შემდეგი ჩანაწერით: სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და განმცხადებლებისთვის კონსულტაციის გაწევა დადგენილი წესით, სასტიბენდიო პროგრამებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება. ორგანიზაციის მიერ ცენტრის კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ არავითარი „კონსულტაციის გაწევის დადგენილი წესი“ არ არსებობს. ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის რეკომენდაციები, რომელიც ცენტრს თავიდან ააცილებდა ერთგვაროვან შეცდომებზე და კანონდარღვევებზე საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებს.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა რექტორის ბრძანებით 2017 წლის 21 თებერვალს. მარიო შიუტცე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფონ უნივერსიტეტის სტუდენტურ ომბუდსმენად რექტორის ბრძანებით დანიშნულია 2017 წლის 21 თებერვალს. თსუ-ის 2018 წლის 29 მაისის სამსახურეობრივი ბარათით დადგენილია, რომ მარიო შიუტცე სტუდენტური ომბუდსმენის თანამდებობაზე საქმიანობს საზოგადოებრივ საწყისებზე და მასთან გაფორმებული არ არის შრომითი ხელშეკრულება.

ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ 2017 წელს თსუ-ის სტუდენტურ ომბუდსმენს დახმარებისთვის მიემართა 1 განცხადებით, 2018 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 6 განცხადება. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს მომართვა მოხდა თსუ-ის კანცელარიის მეშვეობით, ხოლო 2018 წელს, ერთ შემთხვევაში მარიო შიუტცესთან სატელეფონო ფორმით და პირადი შეხვედრით, სხვა შემთხვევაში კი - ელექტრონული ფოსტით, რომელიც contact@tsu.ge-დან იქნა დამისამართებული. ამასთან, ორგანიზაცია გაეცნო მომართვების ტიპსაც, რომლის მიხედვითაც, თსუ-ის სტუდენტური ომბუდსმენის მიმართ დასმული საკითხები ეხებოდა: ა) 2017 წლის მარტიდან თსუ-ის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესის აღდგენას და საჭირო ტექნიკით სარგებლობის უფლების დაბრუნებას, ვინაიდან სტუდენტების გარკვეული ნაწილის მიერ აღნიშნული კორპუსი დაკავებული იყო და სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა, ბ) პრეტენზიები სავალდბეულო საგანში ლექციის, ისე, როგორც გამოცდის (ამოცანის) ხარისხის და დაბალი შეფასების მიღების გამო, გ) უკმაყოფილება 2014 წელს დაცული სამაგისტრო ნაშრომის შემდგომ დიპლომის ვერ აღების გამო, დ) ინფორმაციის მოთხოვნა უნივერსიტეტში სასწავლებლად მიღების წესებისა და პროგრამების თაობაზე, ე) უკმაყოფილება თსუ-ში დაკარგული საბუთების გამო, რის შედეგადაც კურსდამტავრებულმა ვერ აიღო დიპლომი, ვ) სტუდნეტური პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის გამო დაფიქსირებული პროტესტი და მოთხოვნა, გარკვეულიყო ვის ერგო გაცემული თანხა, ამასთან, უკმაყოფილება ლექციის დაბალი შეფასების გამო და ზ) სტიბენდიების არასამართლიანი შეფასების სტანდარტების გამო უკმაყოფილება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დადგენილი არ არის და უცნობია, თუ რა რეაგირება მოახდინა თსუ-ის სტუდენტურმა ომბუდსმენმა დასმული საკითხების გადასაჭრელად. ორგანიზაცია, აგრეთვე განმარტავს, რომ მარიო შიუტცე არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას - ქართულს და ყველა მისი ოფიციალური კომუნიკაცია განმცხადებლებთან მიმდინარეობს ერთ-ერთ უცხო ენაზე - ინგლისურ ენაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლილი, იდენტიფიცირებული და დადგენილი გარემოებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მარიო შიუტცეს კანდიდატურის მიმართ, მისი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამების აპლიკანტების უფლებების დამცველის პოზიციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნით, ადგილი აქვს ნეპოტიზმის ფაქტს (ნეპოტიზმი - მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად. იხ. Modern Language Association (MLA):"nepotism." The American Heritage® New Dictionary of Cultural Literacy, Third Edition. Houghton Mifflin Company, 2005. 10 Aug. 2009). ორგანიზაცია საკითხზე მოკვლევას აგრძელებს.



კომენტარები