სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განცხადება უხამსობასთან ერთად, კანონის უცოდნირობითაა ნაკარნახევი

6 ივლისი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გამოხმაურებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ სააგენტოს განცხადება ორგანიზაციის 2018 წლის 5 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევაზე არამხოლოდ უხამსია, არღვევს საჯარო უწყების კომუნიკაციის კულტურას სამოქალაქო ორგანიზაციასთან, არამედ არღვევს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონს და ამჟღავნებს ამავე კანონით დადგენილი ნორმების უცოდნირობას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება არ აქვს ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით, ვინაიდან სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გავრცელებულ განცხადებაში შეაფასა ორგანიზაციის მონიტორინგი. ამასთან, სააგენტოს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო განცხადების სტილისტური ტერმინოლოგია, არ შეესაბამება სახელმწიფო უწყების ოფიციალური განცხადების დადგენილ ფორმას, ტექსტი შეიცავს ცინიკურ და არასერიოზულ დამოკიდებულებებს, რაც მთლიანობაში ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო განცხადების უხამსობის დაშვებას (განმარტება: უხამსობა - განცხადება, რომელიც არ შეიცავს რაიმე კულტურულ, პოლიტიკურ, მხატვრულ ან სამეცნიერო ღირებულებას, უხეშად ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და მიზნად ისახავს პირის პატივისა და ღირსების შელახვას).

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი შემდეგი მსჯელობები წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებას: „თუმცა, ვიდრე კონკრეტულად პრეტენზიებზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ჩატარებულ, ეგრეთწოდებულ მონიტორინგს გვინდა შევეხოთ“, „პრესკონფერენციის დასაწყისში ამ სიტყვების წარმოთქმისას, ბატონ გიორგი ზოიძეს, რატომღაც დაავიწყდა ეთქვა, რომ სააგენტოს“, „გაუგებარი და არალოგიკურია ზოიძის შემდეგი განცხადებაც“, „ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ე.წ მონიტორინგი“, „მოკრძალებით შევახსენებთ, რომ აუცილებელია ობიექტურობა და საკითხის სპეციფიკის, თუნდაც მინიმალურ დონეზე ცოდნა!“.  სააგენტოს განცხადება, რომ წარმოადგენს შეფასებას, აღნიშნულს თავად განცხადების ტექსტში ვკითხულობთ: - „რაც შეეხება იმას, რომ თურმე სააგენტოსგან ინფორმაცია არ არის მიწოდებული, აქ უკვე ყოველგვარი შეფასება ზედმეტია“. ტექსტიდან იკვეთება, რომ ცალკეულ შემთხვევაზე, შეფასება არ იქნა გაკეთებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი -სრულად შეფასებით პოზიციებზეა აგებული.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, გარდა იმისა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უხეშად დაარღვია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი და არ დაიცვა ოფიციალური განცხადების სტანდარტი, საზოგადოების საყურადღებოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ სააგენტომ განცხადებაში გამოიყენა მის მიერვე ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების შინაარსი, რომელსაც მოცემული მდგომარეობით, აღარ გააჩნია იურიდიული ძალა. კერძოდ, ორგანიზაციის პრინციპული მიდგომებისა და სამართლებრივი ჩართულობის შედეგად, მიღწეულ იქნა შედეგი - 2018 წლის 25 ივნისის სააგენტოს უფროსის ბრძანების #02-1122/ო შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 12 აპრილის ამავე სააგენტოს გადაწყვეტილება N02/20850 და ამავე სააგენტოს დაევალა ერთ-ერთი დაზარალებული მოქალაქის სამედიცინო შემთხვევის საკითხზე ხელახალი შესწავლის განხორციელება. ორგანიზაციისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სააგენტომ წარმოებაში მიმდინარე დასახელებულ საქმეზე უკვე წინასწარი მოახდინა პოზიციის-შეფასების გამოთქმა და იმავდროულად, ისარგებლა ძველი გადაწყვეტილების შინაარსით, რაც არსებული წარმოების მიმართ, ფაქტობრივად და სამართლებრივად, იწვევს უნდობლობას, მიკერძოების განცდას და ადმინისტრაციულ წარმოებას აქცევს ფორმალურად.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებული 5 ივლისის განცხადება გამოწვეული იყო ორგანიზაციის მიერ ამავე სააგენტოს ერთწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მონიტორინგით. სააგენტო უსაფუძვლოდ გამოთქვამს გაკვირვებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციამ თითქოსდა მის მიერვე მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია მიითვისა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მონიტორინგი სწორედაც, რომ უნდა დაფუძნებოდა საჯარო უწყების მიერ მოწოდენულ სტატისტიკურ ინფორმაციას და ფაქტი სეუძლებელია წარმოადგენდეს მითვისებას. მეტიც, სააგენტოს განცხადების მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, იურისტებს თუ პიარის სპეციალისტებს, უნდა ესმოდეთ, რომ როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააჩნია საავტორო უფლება, ასევე საავტორო უფლების მნიშვნელობით არ სარგებლობს რომელიმე საჯარო უწყების საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტოს მითითება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ „მიითვისა“ უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ტექსტის ავტორის კომპეტენციას იმთავითვე ეჭქვეშ აყენებს. საზოგადოდ აღვნიშნავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის შესწავლა და შეფასებების წარმოდგენა. შესაბამისად, ორგანიზაციამ, განსახილველ შემთხვევაში, გამოქვეყნებული მონიტორინგი დააფუძნა სწორედ საჯარო ინფორმაციას, საკითხს მიუდგა კვლევის მეთოდოლოგიის სწორი გამოყენებით, გაიზაიარა და შეაფასა სააგენტოს გარკვეული მონაცემები, დადებით ტენდენციებზე გამოთქვა დადებითი შეფასება და კრიტიკულ გამოვლინებებზე მოამზადა საჭირო და შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებები.

ორგანიზაცია მიმართვას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოუწოდებს - 2018 წლის 05 ივლისის საჯარო განცხადება მოექცეს კანონის მოთხოვნათა ფარგლებში. კერძოდ, ტექსტი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ოფიციალური განცხადების ფორმასთან, ტექსტიდან ამოღებულ იქნეს ცინიკური ხასიათისა და უხამსი შეფასებები, ამოღებულ იქნეს იურიდიული ძალის არ მქონე გადაწყვეტილების შინაარსი, რათა აღნიშნულმა გავლენა არ მოახდინოს მისაღებ გადაწყვეტილებაზე და მხარეს დაზარალებულ მოქალაქესთან და საზოგადოებასთან ერთად, აღუდგეს კანონიერი ნდობა განმხილველი ადმინისტარციული ორგანოს მიმართ. ორგანიზაცია, არ გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თავნებობის გამო, მიმართოს სასამართლოს და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ, დააყენოს სააგენტოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წლის 05 ივლისს გამოაქვეყნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესწავლის შედეგები და  საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროების გამკაცრებული კონტროილისკენ მოუწოდა. 

 



კომენტარები