„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დევნილ ოჯახზე ფართის გადაცემის სახელმწიფოს შემზღუდავი აქტები გააუქმა

8 ივლისი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატამ 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რითაც სრულად დაკმაყოფილდა მოქალაქე ი.კ-ს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონებისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის #62 განკარგულება ი.კ.-ს მიმართ უძრავი ქონების გადაცემის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ.მ-ს შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ი.კ-ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში, აღიარებულ იქნა ი.კ.-ს გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფის ფაქტის არარსებობა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 25 მაისის #01-02/08/14464 ადმინისტარციული აქტი და გაუქმდა ი.კ-ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აღრიცხვა სამინისროს მონაცემთა ბაზაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.კ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმოებული აღრიცხვით, თბილისში, ერთ-ერთ მისამართზე განსაზღვრულ საოჯახო ნომერზე მცხოვრებ დევნილად დარეგისტრდა 2011 წლიდან დედასთან, დასთან და დისშვილთან ერთად. 2013 წლიდან, იგივე მისამართზე, ი.კ. ცალკე საოჯახო ნომერზე აღირიცხა შვილებთან ერთად, თუმცა მის ფაქტობრივ მისამართად მიეთითა ქ. თბილისში, სხვა მისამართი. პრეზიდენტის 2009 წლის #62 განკარგულებით, სამი ოთახი საკუთრებაში გადაეცათ პირვანდელ საოჯახო ნომერზე მცხოვრებ დევნილის ოჯახს, ხოლო პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ი.კ-ს დედასთან, მ.მ-სთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მ.მ.-ს მიმართ გადაცემულ საკუთრებაში მცხოვრები პირები აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულისგან ან სხვა პირისგან მოეთხოვათ კონპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა.

სასამართლოს კვლევის შედეგად, წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, დადგინდა, რომ ი.კ.-ს ქ. თბილისში, იმ მისამართზე, რომელიც მიეთითა სამინისტროს წარმოებული აღრიცხვის დოკუმენტში, არც 2009 წელს და არც შემდგომ პერიოდში, არ უცხოვრია.

სასამართლომ დაადგინდა, რომ ი.კ. 2008 წლიდან ცხოვრობდა ნათესავთან, ხოლო შემდეგ სხვადასხვა მისამართზე დაქირავებულ ფართში. სასამართლოში აღნიშნული დადასტურებულ იქნა, მათ შორის ი.კ.-ს მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრებით. სასამართლომ დაადგინდა, რომ მ.მ-სთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების სადავო ნაწილის შინაარსის ი.კ.-ს მიმართ შეტყობინებისა და ხელშეკრულებაზე მისი პოზიციის დაფიქსრების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც პრეზიდენტის განკარგულება, აგრეთვე სამინისტროსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ი.კ-ს მიმართ კანონის დარღვევით იქნა გამოცემული და უსაფუძვლოდ ადგენდა ი.კ-ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტს. სასამართლომ განმარტა, რომ „2009 წლის 11 მარტის ხელშეკრულება დადებულია სამინისტროს მხრიდან მითითებული ვალდებულების დარღვევით, ხოლო აღნიშნული დარღვევის შედეგად, მოსარჩელის უფლების უგულვებელყოფამ განაპირობა მისი, როგორც დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების ჯეროვანი რეალიზების ინტერესის შელახვა“. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

ცნობისთვის: მომჩივანის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატაში განიხილა მოსამართლე: ლევან მურუსიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კი, მოსამართლე - ანა ჩხეტიამ. სააპელაციო ეტაპზე ი.კ.-ს ინტერესები წარმოადგინდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა. ორგანიზაციამ წინამდებარე დავა აწარმოა Pro Bono-ს პრინციპზე დაყრდნობით, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში.



კომენტარები