"ახალგაზრდა ადვოკატები" - სახელმწიფო სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კვლავ მოუმზადებელია

19 ივლისი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რისკებისა და გამოწვევების მიმართ, სახელმწიფოს სტრატეგია სწორ პრინციპებს ეფუძნება, მაგრამ ტექნიკური საშუალებებისა და საჭიროებების მიმართულებით, ქვეყანაში კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2017 წლის ბორჯომის მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ორგანიზაცია მაღალი საჯარი ინტერესის საკითხს ყურადღებით მიუდგა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან გამოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია: 2017 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა თუ არა საკითხი სახანძრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ, მთავრობის მხრიდან რა ქმედითი ნაბიჯები/ღონისძიებები გატარდა სახანძრო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, 2018 წლის ბიუჯეტში განისაზღვრა თუ არა სახანძრო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენა, დღეის მდგომარეობით, გამართულ მდგომარეობაში მყოფი რამდენი და რა სიმძლავრის/ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენი ჰყავს სახელმწიფოს და მომატებული საფრთხიდან გამომდინარე, იგეგმება თუ არა რაოდენობის ზრდა, შეკეთდა თუ არა ბორჯომის ტყის ხანძრის ლიკვიდაციაზე მუშაობისას დაზიანებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი-8“, მთავრობის მხრიდან შემუშავდა თუ არა ერთიანი სტრატეგია ხანძრების პერიოდში პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობისთვის.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, 2017 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შეიქმნა პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების საზხელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. როგორც ცვლილებების მიზანი მოწმობს, საგანგებო სიტუაცია, მასზე მყისიერი რეაგირების აუცილებლობის გათვალისწინებით, მოითხოვს ერთი გამოკვეთილი უწყების არსებობას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიან რეაგირებაზე, არსებული რისკების მართვაზე, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საქმიანობის განხორციელებაზე. შექმნილი სამსახური უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციას, ერთიანი სისტემის მზადყოფნას, საგანგებო სიტუაციების რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. ამასთან, მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის #498 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესის“ ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობების რეგულაციებს. აგრეთვე, მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის #4 დადგენილებით, დამტკიცდა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“ და მისი სამოქმედო გეგმა, სადაც გათვალისწინებულია ტყისა და ველის ხანძრების საფრთხეები.

ორგანიზაცია, მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ სახანძრო-სამაშველო დანიშნულების სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის შესაძენად, ფინანსური სახსრები გათვალისწინებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის, 2018 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თუმცა ორგანიზაცია მიუთითებს, რომ უცნობი რჩება, დღევანდელი მდგომარეობით, მოხდა თუ არა უკვე სახანძრო-სამაშველო დანიშნულების სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენა ან როდის გეგმავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მათ შეძენას. ამასთან, მიუხედავად წარსული მძიმე გამოცდილებისა, დგინდება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე, არ ირიცხება ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენი. მეტიც, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც 2017 წლის 27 აგვისტოს დაზიანდა ბორჯომის ტყის ხანძრის ლიკვიდაციისას, ამ დროისთვის შეკეთებული არ არის. უცნობი რჩება, როდის იგეგმევა აღნიშნული შვეულმფრენის ტექნიკური გამართულობა ან რა შეუშალა ხელი, მთელი 1 წლის განმავლობაში შვეულმფრენის შეკეთებას. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავიაციას, დღეის მდგომარეობით, ჰყავს ერთი ერთეული მი-8 მტვ-1 ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ხანძრის ლიკვიდაციაში. მისი წყლის ამწეობა შეადგენს 2,5-3.0 ტონას, ხოლო AS-350B3e ტიპის შვეულმფრენზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომლის წყლის ამწეობაც, დაახლოებით, შეადგენს ერთ ტონას.

ორგანიზაცია დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებეზე მითითებით, შეფასებით, როდესაც ხანძრების წარმოქმნის წინაპირობები კიდევ უფრო მეტად მომეტებულია, ვინაიდან 2017 წელს ქვეყანაში გადამწვარი ტერიტორიები, ჯერ კიდევ დაუმუშავებელია, რაც ზრდის ხანძრის გაჩენის დამატებით რისკებს.  ამასთან, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ განმარტებას მოითხოვს, სახანძრო-სამაშველო დანიშნულების სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის შესაძენად, რატომ არ ცხადდება ტენდერი. უკვე ივლისის თვის მდგომარეობით, არ არის უზრუნველყოფილი დასახელებული ნივთების შეძენა, რაც ცალსახად საგანგაშოა. შესაბამისად, კვლავ დგება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება. გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი სტრუქტურები პრობლემის წინაშე დგანან საველე ხანძრებთან მიმართებით. სამწუხაროა ფაქტია ისიც, რომ არც დაზიანებული ტექნიკის შეკეთება მომხდარა ამ დრომდე და ხანძრების არსებობის შემთხვევაში, საქართველო კვლავ პარტნიორი სახელმწიფოების დახმარების იმედზეა დარჩენილი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე მოკვლევის მიზნით, საქართველოს მთავრობას 2018 წლის იანვარში მიმართეს. შესწავლილი მასალა დაეყრდნო სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციასაც.



კომენტარები