„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს საზღვარგარეთ შვილის გაყვანაზე მიმართა

17 აგვისტო, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლო მეგობრის“ სტატუსით მიმართა და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, მშობლისთვის შვილის საზღვარგარეთ გაყვანის აკრძალვის შესაძლებლობა, არ უნდა გაუქმდეს და გასაჩივრებული ნორმები არ ეწინააღმდეგება  საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას წარუდგენს საქმეზე: „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1212), რომლის ფარგლებშიც, სადავოდ გამხდარია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა. ნორმები განსაზღვრავს საოჯახო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, დროებით მოაწესრიგოს გარკვეული საკითხები, მათ შორის, შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები, ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან და ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია, რაც სასამართლოს მშობლისთვის შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის აკრძალვის შესაძლებლობას ანიჭებს, ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მოსაზრებით, საკითხის განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული კონსტიტუციური პრინციპები არ წარმოადგენს აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებებს, რომლებში ჩარევაც დასაშვები არ არის. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს კანონის შესაბამისად, ამ უფლებათა შეზღუდვის შემთხვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც კონსტიტუციით პირდაპირ არის აღნიშნული და დამოკიდებულია რიგ გარემოებებზე.

ორგანიზაცია, საკუთარი პრაქტიკის ფარგლებში, მრავალჯერ გამხდარა საოჯახო სამართალთან დაკავშირებული ისეთი დავების წარმომადგენელი, სადაც მწვავედ დგას არასრულწლოვანთა ქვეყნიდან გაყვანის ნებართვის საკითხი. ასეთი საქმეები, ხშირ შემთხვევაში, მოიცავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებით გამორკვევას სასამართლოს მხრიდან, რაც სახელმწიფოს მიერ არასწრულწლოვანთა უფლებების დაცვის ერთ–ერთი გამოხატულებაა, ეს კი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების სახეს წარმოადგენს. ამ პროცესში, სასამართლოს მხრიდან ობიექტური მონაწილეობა, არასრულწლოვნის სამომავლო უსაფრთხოების, როგორც უპირატესი და მთავარი ღირებულების დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შეზღუდვის ეს ფორმა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, რადგან სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის რისკები, რაც შესაძლოა, არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის საზღვრების დატოვებას მოჰყვეს, სადაც, საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია და მაშასადამე, მის მიერ არასრულწლოვნის უფლების დაცვის საშუალებები, ნაკლებად ვრცელდება.

ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა, მოსარჩელის შემთხვევაში, ბავშვის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, მართლაც არ საჭიროებდეს შეზღუდვას, ასევე, ბევრ სხვა შემთხვევაშიც, სასამართლო დავის გამო დროის გაჭიანურების საჭიროება ნაკლებად არსებობდეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გამორიცხოს არასრულწლოვნის დაუცველ მდგომარეობაში ჩაყენება ყველა შემთხვევაში, თუნდაც საამისოდ, სხვა დავების ფარგლებში, სხვა არასრულწლოვნების გაყვანასთან დაკავშირებით გაჭიანურებული ვადების დადგენა გახდეს საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთი არასრულწლოვანი, სახელმწიფოს მიერ გაუთვალისწინებელი ქმედების და წინდაუხედავი გადაწყვეტილების  გამო, დაუცველად არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, კანონის არსებული რედაქცია, უფლებაში გონივრულ და მიზანშეწონილ ჩარევად უნდა ჩაითვალოს.

საზოგადოდ, სასამართლომ ნორმების არაკონსტიტიციურობა, უფლებაში არაგონივრული, თვითმიზნული და დაუსაბუთებელი ჩარევის მიხედვით უნდა დაადგინოს. ამ შემთხვევაში კი, სახეზეა აუცილებლობა, რაც გამოწვეულია არასრულწლოვნის უსაფრთხოების ინტერესებიდან, რასაც მის მიერ სახელმწიფო საზღვრის დატოვების შემდეგ შესაძლოა საფრთხე შეექმნას. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით, დღეს არსებული რეგულაციით წარმოდგენილი ნორმა, დაცვის მნიშვნელოვან სტანდარტს წარმოადგენს, რომლის გაუქმებაც, არასრულწლოვანთა უფლების დაცვის თვალსაზრისით, სამომავლოდ, შესაძლოა პრობლემების გამომწვევი გახდეს.

ცნობისთვის: ორგანიზაციის მოსაზრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 13 აგვისტოს წარადგინა. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.



კომენტარები