„ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის ცენტრს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს

22 აგვისტო, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას განათლების სფეროში და მნიშვნელოვნად ლახავს დემოკრატიის პრინციპებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2018-2019 წლებში შეეზღუდა სტუდენტების მიღება, სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ვინაიდან მნიშვნელოვნად ლახავს მოქალაქეების არჩევანის თავისუფლებას ესწავლათ დასახელებულ უმაღლესს სასწავლებელში, მიეღოთ შესაბამისი განათლება და ესარგებლათ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სხვა სიკეთეებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიდგომები მით უფრო გაუგებარია, როდესაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს, ამ ნაწილში ხდება დადებითი გადაწყვეტილება და იზღუდება უნივერსიტეტის პროფილური საქმიანობა - მიიღოს ახალი სტუდენტები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს კანონის არსიდან და თანაზომიერების პრინციპიდან. ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს მიმართ გააჩნია 2013 წელს წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება, რაც ახალი ინფორმაცია არ ყოფილა, არ ამართლებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას, ვინაიდან არ შეიძლება საერთო სასამართლოებში მიმდინარე კონკრეტული დავა აღმოჩნდეს უნივერსიტეტის საქმიანობაში გაუმართლებლად ჩარევის წინაპირობა და საფუძველი. შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა დაშვებული შეცდომა უნდა აღიაროს და მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს, რითაც საზოგადოებაში განმტკიცდება რწმენა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მიზნებთან.



კომენტარები