„ახალგაზრდა ადვოკატები“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძეს შეხვდნენ

14 სექტემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს შეხვდნენ, სადაც განხილულ იქნა ორგანიზაციის მიერ 2018 წლის აგვისტოში კომპანია „მეტალინვესტის“ საქმეზე გამოქვეყნებული კვლევის სამართლებრივი საკითხები და საერთო სასამართლოების სისტემაში, ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და ქცევის მართლზომიერების საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმესთან დაკავშირებული მასალები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს 2018 წლის აგვისტოში გაუგზავნეს. ორგანიზაციის მიმართ 2018 წლის 10 სექტემბერს გამოგზვანილ წერილში, ანა დოლიძემ საკითხის უშუალოდ გაცნობის სურვილი გამოთქვა. იქედან გამომდინარე, რომ გამოქვეყნებული კვლევის სარეკომენდაციო წინადადებების ნაწილი ეხებოდა შემდეგ საკითხებს: საქართველოს საერთო სასამართლოებმა შპს „მეტალინვესტის“ საქმეზე არ განახორციელოს შერჩევითი მართმსაჯულება, დაიცვას ბიზნესის ინტერესები და სადავო საკითხები გადაჭრას სასამართლოს მიუკერძოებლობის სუბიექტური და ობიექტური ტესტის გამოყენებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შპს „მეტალინვესტს“ დაუყოვნებლივ გადასცეს 2015 წლის 24 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ საკასაციო საჩივარი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განმარტოს შპს „მეტალინვესტის“ განცხადების საფუძველზე წარმოებული დისციპლინურ საქმეზე #253/15 შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და მხარეს მიეწოდოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ორგანიზაციის წევრებმა, მათ შორის შეხვედრაზე მონაწილე შპს „მეტალინვესტის“ დირექტორმა მურთაზ უგულავამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამართალწარმოების პროცესში დასახელებული საკითხების თაობაზე. შეხვედრაზე ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე შემდგომი ინტერესი და უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება გაგრძელდება.

ორგანიზაციის მიერ გამქოვეყნებული კვლევა ეხება კიდევ ერთი ქართული წარმატებული ბიზნესის - „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეს, რომლის მთავარი ფიგურანტები სახელმწიფო (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), სასამართლო (დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება) და ს.ს. „საქართველოს ბანკია“.

კვლევის თანახმად, ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის 2010 წლის 7 აპრილს დაიდო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა კომპანიის მაშინდელი დირექტორი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა კომპანიის უძრავი ქონებების გასხვისება. ამის შესაძლებლობას კომპანიის მაშინდელ დირექტორს არ აძლევდა სპეციალური შეზღუდვა. კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მაშინდელ დირექტორს საზოგადოების წესდების ჩანაწერის თანახმად, გააჩნდა ხელმძღვანელობაზე შეზღუდული უფლებამოსილება და ქონებების გასხვისება აკრძალული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ს.ს. „საქართველოს ბანკმა“ კომპანიის ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია მაინც განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის ივნისში.

დანაშაულის ნიშნები მდგომარეობს იმაში, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს უთარიღო, სანოტარო წესით დაუმოწმებელი კომპანიის ე.წ. „წესდება“, სადაც შეცვლილი იქნა ქონების გასხვისების შეზღუდვის შესახებ მანამდე არსებული ჩანაწერის რედაქცია ისეთი ფორმით, რომ საზოგადოების ქონების გასვისება არ იზღუდებოდა მისი ხელმძღვანელისგან.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დაუმტკიცა სადავო ქონებები, ხოლო მოგვიანებით, კომპანიის მიმართვის გარეშე, მოახდინა წესდებით განსაზღვრული შეზღუდვის თვითნებური გაუქმება. დღემდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო არ ახდენს კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდების მონაცემთა ბაზიდან ამოღებას. საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე, არ ხდება სწრაფი და ეფექტური მოქმედებები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევის ფარგლებში ადვოკატირების პროცესს განაგრძობს.



კომენტარები