ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხილვის შეჩერებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოების წესების შექმნამდე, საკითხი საქართველოს მოსახლეობის თანხმობას მოითხოვს.
ორგანიზაციის განცხადებით, დასახელებული კანონპროექტების წარმოდგენა საზოგადოებრივ ჯგუფებთან დისკუსიის გარეშე მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად შელახა საკითხის მიმართ ჯანსაღი და ობიექტური მსჯელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების შემდგომ მოსალოდნელი და საჭირო გახდა მცენარე მარიხუანას უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნისთვის ახალი სამართლებრივი ამკრძალავი (შემზღუდველი) რეგულაციების შემოღება, თუმცა მცენარე მარიხუანასგან განსხვავებით, მცენარე კანაფის შემდგომი სამართლებრივი კონტროლის რეგულაცია და მისი კულტივაცია (ინდუსტრიალიზაცია), წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი სრულიად ახლებურ მიდგომას და განხილულ უნდა იქნეს არამხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ საზოგადოებრივი სფეროს ყველა კუთხიდან.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების დასაბუთება, ძირითადად ეფუძნება ეკონომიკური ეფექტის მიღებას, რაც საკითხზე იმთავითვე გამორიცხავს სხვა აქცენტების დასმას. შესაბამისად, კანონპროექტების დასაშვებობა მხოლოდ ეკონომიკური ეფექტის მიღების თვალსაზრისით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, დასახელებული საკითხების ირგვლივ ფართო დისკუსიის გარეშე, დასაბუთებას აცლის საკითხზე თანხმობას. იქედან გამომდინარე, რომ საკითხზე დისკუსიის საჭიროებაზე თავად მიუთითებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ხოლო მისმა მომზადებელი სახით ინიცირებამ ხელისუფლებასა და ხალხს შორის უნდობლობა გააჩინა, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტიდან გაიწვიოს და მკაფიო განცახდება გაკეთდეს ფართო დისკუსიის დაწყებაზე, მათ შორის ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ამასთან, ორგანიზაცია სრულიად დასაშვებად მიიჩნევს საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვის - პლებისციტის ჩატარებას. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. კანონით, პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. კონსტიტუციური პრინციპის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.