ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური სახელმწიფო კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობის შესახებ კვლევის შედეგებს და სარეკომენდაციო წინადადებებს აქვეყნებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებზე, სავარაუდო კორუფციულ ფაქტებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას მოითხოვს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლეს კომპანია „სინოჰიდროს“ მონაწილეობა 2017 (ხელშეკრულების ღირებულება: 133,530,690.63 ლარი), 2015 (ხელშეკრულების ღირებულება: 253,979,678.24 ლარი) და 2012 წლებში (ხელშეკრულების ღირებულება: 209,852,079.67 ლარი), მოგებულ სამ ტენდერში, რომელიც ეხებოდა ქობულეთის შემოვლითი გზის, სამტრედია-გრიგოლეთის გზისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ტენდერების გამჭვირვალობას, დასაქმებულთა შრომით უფლებებს, გარემოზე ზემოქმედების საკითხებს, კომპანიის საერთაშორისო საქმიანობას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხის მრავალმხრივი შესწავლის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოში „სინოჰიდროს“ საქმიანობა უკიდურესად კრიტიკულად უნდა შეფასდეს და დისკუსია გაიხსნას შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და ფინანსურ გამჭვირვალობაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ ახალი პროექტით გზების მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარით ნაკლები ჯდება, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, ყველა ოფიციალურ წყაროში, არსად არის ნახსენები თანხების დაზოგვის შესახებ და ყველა ოფიციალური პირი მიუთითებს და საუბრობს მხოლოდ სატენდერო ღირებულებაზე. უცნობი რჩება ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების, სამტრედია-გრიგოლეთის ყველა ლოტის ფინანსური ხარჯვის მაჩვენებლები და ტრანზაქციების ადრესატი ბანკები და კომპანიები.
საინტერესოა ჩინურ კომპანიებთან ანგარიშსწორების საკითხიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინურ კომპანიებს და ჩინეთის „რკინიგზა 23“-ს უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანება აქვთ, გაურკვეველია, თუ როგორ ახდენდა საქართველოს საგზაო დეპარტამენტი მათთან ანგარიშსწორებას, ხომ არ ხდებოდა საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის (სადაც ფიქსირდებოდა საბიუჯეტო დავალიანება - 23 მილიონი ლარი) გვერდის ავლით სათავო ოფისში თანხების გადარიცხვა. ამდენად, შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით. შედეგად, ტენდერის ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განხორციელებული საკადრო გადადგილებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისა და სატენდერო კომისიის წინასწარ დაინტერესებაზე. ამასთან, არსებული ვითარება კითხვებს აჩენს, თუ რამდენად იქნა სამართლიანი კონკურენცია დაცული და ეს შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკებს, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. ორგანიზაციამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერების შესწავლისა და შეფასების პროცესში დაადგინა, რომ დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები სამუშაოდ სწორედ იმ უცხოურ სამშენებლო კომპანიებში გადავიდნენ, რომლებმაც გამოცხადებული ტენდერები მოიგეს და სატენდერო კომისიის წევრები დღეს ამ კომპანიაში დასაქმებული დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირები არიან.
კვლევამ გამოკვეთა, რომ კომპანია „სინოჰიდრო“ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზას სავალდებულო ნებართვებისა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, უკანონოდ აშენებდა. კერძოდ, 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კვ.11+500-კმ.30+000 (ლოტი II) მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, უკანონოდ მიმდინარეობდა. გამოიკვეთა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ნებართვების მიღების გარეშე შეცვალა. თავდაპირველად, პროექტით განისაზღვრა, რომ ვინაიდან ტერიტორია წარმოადგენდა ჭაობიან ადგილს, გზა აშენდებოდა ბეტონის ხიმინჯებზე. კომპანიამ პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დამონტაჟდა, თუმცა ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო.
ორგანიზაციამ კვლევის პროცესში, აგრეთვე შეისწავლა კომპანიის საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უკანონოდ მოპოვებული რესურსების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი ფაქტები. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კოლოსალური თანხა - 233,241.06 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებებს, ახლაც საქართველოს მთავარი პროკურატურა და მისი რეგიონული სტრუქტურული ერთეულები აწარმოებენ. ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის მიმართ დაკისრებული სახდელის ფინანსური მოცულობაც, რამაც, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, 46 სამართალდარღვევის ფაქტზე, 62,686,98 ლარი შეადგინა.
კვლევამ დაადგინა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობას დასაქმებული მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვასთან გააჩნია სისტემური პრობლემები და კონფლიქტში მოდის შრომის უსაფრთხოების პრინციპებთან. არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. კომპანიამ ვერ წარმოადგინა თანამდებობრივი და საწარმოო ინსტრუქციები. ბუნდოვანი აღმოჩნდა ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი და შინაარსი. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი საუბრობს დასაქმებულთათვის უცხო ენაზე, რაც იწვევს ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტს. სამუშაო ადგილები არ არის მომარაგებული პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. საწარმოში მოსაწესრიგებულია სახანძრო უსაფრთხოება, ელექტროუსაფრთხოება. საწარმოს ტერიტორიაზე და საამქროებში არ არის საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი ხასიათის მქონე ამკრძალავი, სავალდებულო, სარეკომენდაციო და დამხმარე ხასიათის ნიშნები. ჟანგბადის და პროპანის ავზები მიმოფანტულია საწარმოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ და სხვა.
კვლევამ შეისწავლა „სინოჰიდროს“ საქმიანობა ყირგიზეთში, სომხეთში, მალაიზიაში, ბოცვანაში, უგანდასა და ზიმბაბვეში. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც კომპანიას აქვს პრობლემები, ეროვნულ მთავრობებს აქვს სამართლებრივი პრეტენზია და კომპანია დადანაშაულებულია ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ შესრულებასა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში. მალაიზიის ქალაქ სარავაკში კომპანიის მიერ აშენებული „Bakun“-ის ჯებირს Transparency International და International Rivers–ის აღწერით, „კორუფციის მონუმენტსაც“ უწოდებენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით:
- საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ტენდერებში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელიც საფუძვლიანად გამოიკვლევს დასახელებული კომპანიის მიერ საქართველოში მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს ტენდერში გამარჯვებიდან ვალდებულების შესრულების ჩათვლით;
- საქართველოს პარლამენტმა უნდა მოამზადოს კანონპროექტი და არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანის გზით, შეიცვალოს ტენდერების ჩატარების წესები კონტრაჰენტებთან პროექტის დასაწყისიდან პროექტის ჩაბარების ჩათვლით საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საუკეთესო მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე;
- მხოლოდ საქართველოს მთავრობის, როგორც კოლექტიური სათათბირო ორგანოს პრეროგატივა უნდა გახდეს ქვეყანაში მსხვილი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტებზე არსებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების განხორციელება.
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:
- უნდა შეცვალოს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესები. უნდა გაკონტროლდეს ტენდერის პირობებისა და შემდგომ გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებების თანადობა. ყველა ცვლილება ტენდერის პირობებიდან, იქნება ეს პროექტის სრული თუ ნაწილობრივი ცვლილება თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან გადახრა, უნდა გახდეს საჯარო.
- გამჭვირვალე უნდა გახადოს პროექტების ფინანსური ტრანზაქციების მიმდინარეობა და ნებისმიერი ახალი ტრანზაქცია უნდა იყოს დადასტურებული წინა ფინანსური ოპერაციების თანმდევი სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტების გამოქვეყნებით;
- უნდა გააძლიეროს გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელ და ზედამხედველ კომპანიებზე კონტროლი ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიების დაცვის კუთხით;
- ზედამხედველი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს მედიაში, რათა საზოგადოებას ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია მიეწოდოს საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ „სინოჰიდროს“ საქმიანობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. კვლევის პროცესში, ორგანიზაცია დეაყრდნო სხვადასხვა სამთავრობო უწყების საჯარო ინფორმაციას, ოფიციალურ ხელშეკრულებებსა და საერთაშორისო გამოცემებში დაცულ მასალას. კვლევა აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას მიეწოდება.