„ახალგაზრდა ადვოკატები“ უზენაესს სასამართლოს პრეცედენტული საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას სთხოვს

15 ოქტომბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე, რომელიც მოიცავს სამართლებრივ პრობლემას და რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დავის სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2018 წლის ივნისიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია სააქციო საზოგადოების საქმე, რომელიც ეხება პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმებას და დელიქტიდან წარმოშობილი პარტნიორი წევრის მიმართ გაუნაწილებელი დივიდენდის კანონიერების საკითხს. დადგენილია, რომ 2015 წლის 8 აპრილს შედგა აქციონერთა საერთო კრება. დღის წესრიგით განხილულ საკითხთა შორის განხილულ იქნა ერთ-ერთი პარტნიორის მიმართ დივიდენდის გაცემის საკითხი. პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა, რომ პარტნიორთა წილი გაუნაწილებელ დივიდენდად უნდა გამოყოფილიყო. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიხ ეხება სააქციო საზოგადოების მიმართ ფინანსური დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასახელებული პარტნიორი უშუალოდ მონაწილეობდა სააქციო საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულის მომზადებაში, ფლობდა ინფორმაციას ე.წ. „ყალბი სესხების“ გაცემაზე, შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმში აღინიშნა, რომ პარტნიორს, მართალია, გააჩნია დივიდენდის მიღების უფლება, თუმცა იმ ფინანსური ზიანის საშიშროებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეზე დადასტურდეს, გამოიწვევს რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებას. ამიტომაც, აქციონერთა კრებამ სამართალში აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის გამოყენებით - ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორის დივიდენდის გაუნაწილებელ დივიდენდად  გამოყოფის უფლებაზე და კრებას უარი არ უთქვამს აქციონერის უფლებაზე, ფლობდეს მოგებას და დივიდენდს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სააქციო საზოგადოების პარტნიორმა პარტნიორთა კრების ოქმი სასამართლო წესით გაასაჩივრა 2016 წლის 17 ნოემბერს, 16 სრული კალენდარული თვისა და 39 კალენდარული დღის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ მიჩნეულია "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-15 მუხლი, რომელიც ადგენს შემდეგს: I - ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. II - დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. ამჟამად, სადავო გარემოებაა პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ გასაჩივრება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ კრების ოქმის გასაჩივრების ვადად მიჩნეულ იქნა "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი - 5-წლიანი საპროცესო ვადა, რასაც სააქციო საზოგადოება არ ეთანხმება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე პრიმა მუხლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას) და გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

მოცმეულ შემთხვევაში, დავა ეხება დივიდენდის არა გაცემაზე უარს, არამედ გაუნაწილებელ დივიდენდად საზოგადოების წევრთა გადაწყვეტას. აღნიშნულის საფუძველია საზოგადოების ერთ-ერთი წევრი პარტნიორის კანონთან კონფლიქტში არსებობის ფაქტი. ამასთან, ამავე პირის მიერ საზოგადოების წინაშე ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარება. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს და ექსპერტიზის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მყარი შეფასების გარეშეა დარჩენილი საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების მართლზომიერების საკითხი, როდესაც საკითხი ეხება - კომპანიის კომერციულ ინტერესებს, პარტნიორის არაკეთილსინდსიერებას, დივიდენდს, როგორც საკუთრებას და საწარმოს მიმართ დამდგარ ზიანს. კანონი, ასეთ ვითარებაში, ქცევის არავითარ დადგენილ სტანდარტს არ გვთავაზობს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კი, იდენტური ხასიათის დავებზე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო (სტანდარტის სასამართლო) უფლებამოსილია, სამართალში წამოჭრილი აღნიშნული პრობლემატიკური საკითხის გამო, მიიღოს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების აქტი და დადაგინოს მყარი პრაქტიკა, განმარტოს ნორმა საზოგადოებისა და პარტნიორების, კეთილსინდისიერებასა და დელიქტს შორის. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დასაბუთებულია სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნა, წინამდებარე დავა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას და მოსამართლეთა კოლეგიამ იმსჯელოს საკითხზე. საქმეს, ამჟამად მოსამართლე პაატა ქათამაძის წარმოებაშია. 



კომენტარები