„ახალგაზრდა ადვოკატები“ და ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეულ სიბერე“ ერთობლივ ინიციატივებს განახორციელებენ

15 სექტემბერი, 2012

ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეულმა სიბერემ“ ქობულეთში ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

არასამთავრობოთა ხელმძღვანელების განცხადებით, ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ხანდაზმულ ქალთა სრულფასოვან და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას, მათი უფლებების დაცვას, ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, ხანდაზმულთა რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობაში და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებას. ორგანიზაციები საერთო ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაონ რეკომენდაციებს, რომელიც მმართველობის ორგანოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა სათანადო დეფინიციებს არ ცნობს, რომლითაც განსაკუთრებული სტატუსის ქვეშ იქნებოდა ხანდაზმულ ქალთა უფლებები დაცული და წამოჩენილი, მათი სოციალური უზრუნველყოფა ევროპულ გამოცდილებასთან მიახლოებული და ასეთი ასაკის მქონე ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გარანტიები. მისივე განცხადებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის კვლევას მოახდენს და საზოგადოებას სარეკომენდაციო პაკეტს შესთავაზებს.

ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ თავმჯდომარის, ნანა კალანდაძის შეფასებით, ხანდაზმულ ქალთა სოციალური სტატუსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია გაიმართოს საქართველოს კანონმდებლობა და მეტი პასუხისმგებლობა აისახოს თვითმმართველობის უფლებამოსილებაში. მისი თქმით, „ღირსეულმა სიბერემ“ განვლილი საქმიანობის ფარგლებში, ქობულეთის მაგალითზე, შეძლო საზოგადოების აღნიშნული ფენა ღირსეულად წარმოეჩინა და მათი პრობლემები საჯარო გაეხადა, თუმცა ისევ რჩება საკითხები, რომლებიც სამართლებრივ მსჯელობას და ახლებურ მიდგომებს მოითხოვს, რაც უკვე დაკავშირებულია ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვის საკითხთან.

ორგანიზაციის ხელმძღვანელთა განცხადებითვე, გამორიცხული არ არის მომზადდეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც ხანდაზმულ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტს მოამზადებს.



კომენტარები