„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საერთაშორისო კონფერენციის პანელურ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

9 ნოემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და პანელურ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე განსახილველ იქნა პროფესიულად აქტუალური საკითხები: საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა იურიდიული კონსულტაციებისას და სასამართლოში წარმომადგენლობისას, არალიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები, პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა, განგრძობადი იურიდიული დახმარების საუკეთესო პრაქტიკა და მოდელები, ადვოკატთა ასოციაციების როლი პრო ბონო სერვისების განვითარებაში და ადვოკატების როლი საპროცესო შეთანხმების პროცესში. ღონისძიების მიზანი ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ ადვოკატები 11 ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის 7 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა კონფერენციის მესამე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეხებოდა ადვოკატთა ასოციაციების და კერძო ადვოკატების როლს პრო-ბონო იურიდიული დახმარების განხორციელებაში. არჩილ კაიკაციშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მაგალითზე არსებული პრო-ბონოს სისტემა, პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პრო-ბონო სისტემას წარმოებული დავების სახელშეკრულებო ნაწილად განიხილავს. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა ისაუბრა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტზე: „სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების უფასო იურიდიული მომსახურება“, სადაც არაერთი იურიდიული საჭიროების მქონე მოქალაქის ინტერესების დაცვა მოხერხდა, სადაც იურიდიული მომსახურება მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციაში არსებულ უფასო იურიდიული კონსულტაციის პრაქტიკაზე და აღინიშნა, რომ წინამდებარე სერვისიც პრო-ბონოს პრინციპებიდან გამომდინარეა. 



კომენტარები