ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შესწავლას მოითხოვს, კომპანიის ქართულ ეკონომიკაში რუსული სახელმწიფო ინტერესების დადგენაზე მიუთითებს და თბილისის მთავრობას, „C.T.Park“-ის მსგავსად, „GWP“-სთან კონტრაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სპეციალური განცხადება „GWP“-ის სათაო ოფისთან გააკეთა.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გააჩნია კითხვები, თუ რატომ არღვევს „GWP“ ყოველდღიურად მომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და ინტერესებს, რატომ არა ხორციელებს „GWP“ თავის საქმიანობას სემეკ-ის დადგენილებისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რატომ ახდენს „GWP“ მესაკუთრეთა ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, რატომ მდიდრდება „GWP“ გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, რატომ არ ახდენს თანხმობას „GWP“ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედ“-ს შორის 2008 წლის 14 მაისს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებაზე თანხმობას და რატომ არ პასუხობს „GWP“-ის მენეჯმენტი მთავარ შეკითხვას - არის თუ არა „GWP“ რუსული სახელმწიფო ინტერესები ქართულ ეკონომიკაში.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შესწავლის ფარგლებში, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყლის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის წარმომავლობისა და საქმიანობის მიმოხილვა განახორციელა, რომლის შედეგადაც, დაისმის მთავარი კითხვა - საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, არის თუ არა „GWP“ რუსული ინტერესები ქართულ ეკონომიკაში.
საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს წყალმომარაგების სექტორში, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიის საქართველოში გამოჩენა 2008 წლის მაისიდან, აგვისტოს ომამდე, რამდენიმე თვით ადრე იწყება. მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სწორედ 2008 წლის 14 მაისს „თბილისის წყალი“, „რუსთავწყალკანალი“, „მცხეთაწყალკანალი“ და „საქწყალკანალი“ მიჰყიდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს „მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედს“. დღემდე გასაიდუმლოებული ხელშეკრულების წილის ნასყიდობის საფასურმა შეადგინა, მთლიანობაში 80 011 208 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა რუსეთის მოქალაქე იური ლესი. ამასთან, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს „მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედის“ სამი დირექტორიდან, მიხაილ ტუზოვი და ვლადიმერ კოზინი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. მიხაილ ტუზოვი სხვადასხვა დროს რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიაში მუშაობდა, ხოლო „GWP“-ის წარმოების ყოფილი დირექტორი, ალექსეი ფლოროვი დირექტორის მოადგილედ საქმიანობდა შპს „როსვოდოკანალში“. დადენილია, რომ „GWP“-ის სახელწოდებით კომპანია 2009 წლიდან ოპერირებს, ხოლო კომპანიის მესაკუთრეს „მალტიფლექს ენერჯი ლიმიტედსაც“ 2009 წელს შეეცვალა სახელწოდება და გახდა „ჯორჯიან გლობალ უთილითი“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014 წელს შეიძინა ს.ს. „საქართველოს ბანკმა“. ერთი ინფორმაციით, ბანკმა კომპანიის წილში გადაიხადა 152 მლნ ლარი, მეორე ვერსიით კი - 287 მლნ ლარი. 2015 წელს ფუძნდება საინვესტიციო კომპანია „ბიჯეო ჯგუფი“, რომელიც უკვე აერთიანებს ს.ს. „საქართველოს ბანკს“, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს, სამშენებლო, ღვინის კომპანიებს, საფთიაქო ქსელს და სხვა მსხვილ კორპორაციებს. „ბიჯეო ჯგუფის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „მცხეთის წყალი”, „რუსთავის წყალი”, „საგურამოჰესი”, „ჟინვალჰესი” და „ბოდორნაჰესი”. მოგვიანებით, „ბიჯეო ჯგუფს“ ეწოდა „საქართველოს კაპიტალი“.
ორგანიზაცია, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოუწოდებს „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანხმობა გასცეს 2008 წლის მაისში წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებაზე, რომლის მხარეებიც არიან - საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მთავრობა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედ“. გაურკვეველი, გაუგებარი და ვარაუდებითაა მოცული, არის თუ არა კომპანია „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მისი სახეცვლილი მენეჯმენტის მიუხედავად, კვლავ კავშირში რუსულ ინტერესებთან საქართველოს ეკონომიკაში. აღნიშნული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განიმარტოს და საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს იმის გათვალისწინებით, თუ ვინ წარმოადგენს კომპანია „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღევანდელი დირექტორატის წევრებს და რა ბიოგრაფიული კავშირები იკვეთება რუსულ კომპანიებში საქმიანობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, უკვე არაერთ თავის განცხადებაში აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არაკეთილსინდისიერი კომპანიაა, რომელიც არღვევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია სასმელი წყლის მიწოდებისა და მომხარების წესები. შეუსაბამო და გაზრდილი ფინანსური დარიცხვით ხდება სასმელი წყლის ღირებულების დაანგარიშება. ირღვევა საჯარიმო აქტების შედგენის წესი. კომპანიას გადაწყვეტილებები გამოაქვს მხარეთა ადმინისტარციულ სხდომებზე მოწვევისა და დასწრების გარეშე. იურიდიული პირების დაჯარიმების შემთხვევაში კი, ადგილი აქვს საოფისე ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, სადაც საჯარო ხასიათს იძენს პერსონალური და კომერციული ხასიათის ინფორმაცია.
„ახალგაზრდა ადვოკტები“ მიმართავს ქ. თბილსიის მერ კახი კალაძეს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის განვითარების მიმართულებით ხედვები და მიდგომები მაღალ სტანდარტებთანაა დაკავშირებული, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობას ემსახურებოდეს და წყალმომარაგებას უზუნველყოფდეს კომპანია, რომლის საქმიანობაც მოსახლეობაში შეფასებულია არაკეთილსინდისიერი ქმედებებით. სულ მცირე კომპანიას დედაქალაქის მთავრობამ მომხმარებლებთან ურთიერთობაში, უნდა მოსთხოვოს მინიმალური სტანდარტების დაცვა, ვინაიდან კომპანიას სწორედ ადგილობრივი მთავრობის მიერ აქვს დელეგირებული საჯარო უფლებამოსილება.ამდენად, კომპანია პირდაპირ და უხეშად, სისტემატურად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს, რაც თავის მხრივ სათანადო ყურადღებას მოითხოვს. დღემდე საკითხზე უფლებამოსილი უწყებების მიერ ქმედითი რეაგირება არ განხორციელებულა. ვინაიდან კომპანია თბილისში, წყლის მიწოდების კუთხით, წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, დაუშვებელია მისი საქმიანობა გახდეს უკონტროლო.
იმ შემთხვევაში, თუკი გრიფით საიდუმლო არ მოიხსნება 2008 წლის მაისში დადებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, ორგანიზაცია დავას სასამართლო წესით დაიწყებს.