„სდასუ“-თან მემორანდუმით, სამართლის სკოლის სტუდენტებმა პროექტში მონაწილეობის შეთავაზება უკვე მიიღეს

16 ნოემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებსა“ და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეები გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რათა ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და და არამარტო ამ სკოლის სტუდენტთა სამართლებრივი კუთხით ახალი შესაძლებლობების გაჩენას და დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები, საჯარო დისკუსიები, კონფერენციები თუ მრგვალი მაგიდები საზოგადოებისა და სამართლის სფეროს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

მემორანდუმს ხელი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია თორდიამ მოაწერეს. მათ სტუდენტებთან საუბრისას იმ შესაძლებლობებზე გააკეთეს აქცენტი, რომლითაც ორგანიზაცია და უნივერსიტეტი მომავალში, ერთობლივი საქმიანობით განახორციელებენ. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სდასუ ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი კერაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური რესურსით და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ პრაქტიკული სწავლებაც. მაია თორდიას განცხადებით, უნივერსიტეტის თანამშრომლობა მესამე სექტორთან სტუდენტებს საშუალებას მისცემს ერთობლივ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და წარდგენილ იქნა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ახალი პროექტი-ინიციატივა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან განხორციელდება. კერძოდ, ორგანიზაცია რეალურ სასამართლო ქეისებზე წარმოადგენს იმიტირებულ პროცესებს. პროცესის მონაწილე მხარეებად ჯგუფების რეგისტრაცია დეკემბერში მოხდება.



კომენტარები