„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით 2013 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლითაც ორგანიზაციის 2013 წლის 31 ივლისსა და 17 აგვისტოს გამართული ბრიფინგები შეფასდა. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამინისტროს ოფიციალური განმარტება და მეტი სიცხადე საზოგადოებისთვის გაცნობილი პრობლემური საკითხების ირგვლივ. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ვეცნობით, რომ სამხედრო პოლიციაში მართლაც მუშაობს კუდ–ისა და სოდ–ის ყოფილი თანამშრომლები, სულ 25 ადამიანი, ლოჯისტიკის სფეროში მართლაც არსებობს პრობლემები და შეიცვალა კომპანია „ქართული კვების“ მენეჯმენტი (ორგანიზაციამ ამის თაობაზე განცხადება 31 ივლისს გააკეთა, ხოლო ცვლილებები კომპანიაში 14 აგვისტოს გახდა ცნობილი. ჩვენ მივესალმებით იმასაც, რომ კომპანია მზადაა შეხვდეს არასამთავრობო სექტორს 27 აგვისტოს და გაეცეს ყველა პრობლემურ კითხვას პასუხი), საჯარისო შენაერთში, ჩუტყვავილას ერთი შემთხვევას სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს და მას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, ხოლო აღნიშნული საკითხების მიმართ, ორგანიზაციის ზოგიერთი შეხედულება, გადაჭარბებული და გაზვიადებულია, საჭიროებდა სამინისტროსთან დაზუსტებას და გამოთქმულია მზადყოფნა თავდაცვის სფეროთი დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2013 წლის 31 ივლისსა და 17 აგვისტოს გამართული ბრიფინგები არ ყოფილა მცდარ და წარმოსახვით მოვლენებზე დაფუძნებული და ემყარებოდა სფეროში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, ხოლო გაშუქებული თემები, რომ პრობლემურია და საყურადღებო, თავად თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში დაზუსტებული ფაქტები მიუთითებს, ასევე განცხადება პასუხობს ორგანიზაციის კითხვებს, საქმიანობს თუ არა სამხედრო პოლიციაში კუდ–ისა და სოდ–ის ყოფილი თანამშრომლები, რა პრობლემებია ლოჯისტიკის მიმართულებით და დაფიქსირდა თუ არა ჩუტყვავილას შემთხვევა გორის სამხედრო ბაზაზე. ბუნებრივია, სამინისტრო დეტალებზე არ ისაუბრებდა, თუმცა დეტალებზე მსჯელობა სამოქალაქო ორგანიზაციების ვალდებულებაა.
ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტორზე, რომელიც გვსურს იცოდეს საზოგადოებამ. კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიზანი რომელიმე საკითხის დაუყოვნებლივ გასაჯაროება და პოპულისტური განცხადებების მომზადება არ არის. ორგანიზაცია სტრატეგიული საქმისწარმოების დოკუმენტისა და ჩამოყალიბებული სტანდარტებით მოქმედებს. ამიტომაც, როგორც 17 აგვისტოს, ასევე 31 ივლისის საბრიფინგო თემებით დასმული პრობლემების შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ინფორმაცია საფოსტო გზავნილით იმთავითვე მივაწოდეთ. ოფიციალურ კორესპონდენციაზე, სამინისტროს პასუხი დღემდე არ გაუცია. ამასთან, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაციაც. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ბატონ ირაკლი ალასანიას, სხვა ოფიციალური წერილი 2013 წლის 30 ივლისაც გაუგზვანა და სამინისტროსთვის, როგორც სხვა საჯარო უწყებებისთვის, შეთავაზებულ იქნა ინიციატივაში „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ თანამონაწილეობა. პროექტში ჩართულობის სურვილი ძალიან ბევრმა სამინისტრომ და საპარლამენტო კომიტეტმა გამოთქვეს, თუმცა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მოსურნე თავდაცვის სამინისტროს სურვილი, ამ დრომდე უცნობია. ჩანს, როგორც ძველი ხელისუფლება ფიქრობდა, სამოქალაქო ინიციატივებსაც ასე აფასებენ დღესაც თავდაცვის სამინისტროში ან საქმე გვაქვს ჯეროვანი კომუნიკაციის პრობლემასთან კანცელარიიდან – მინისტრის მისაღებამდე, მაგრამ გვგონია, რომ ბატონი ირაკლი ალასანია, ერთ–ერთი პირველი იქნება, ვინც ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობას და მსგავს ინიციატივებში თანამონაწილეობას დასთანმხდება, განსხვავებით სფეროს იმ მრჩევლებისა და ექსპერტებისა, რომლებმაც, „ახალგაზრდა ადვოკატების" ბოლო ორ ბრიფინგს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცეს და შეეცადნენ არა პრობლემაზე საუბარს, არამედ ორგანიზაციის ინტერესების დადგენას. ჩვენ მზად ვართ, ყველას გავაცნოთ ჩვენი ვინაობა, ღირებულებები და საზოგადოებასთან ერთად, ისინიც დავარწმუნოთ, რომ ჩვენს წინაც და უკანაც, მხოლოდ ჩვენი ღირსება, პროფესია და ამ ქვეყანაში ცვლილებების სურვილი დგას.
ორგანიზაცია ამიტომაც მიესალმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მყისიერ განცხადებას, რადგანაც ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, ხოლო ქართული ჯარის საკადრო თუ საორგანიზაციო პოლიტიკა პრიორიტეტული. ამიტომაც უდგას სათავეში გამოცდილი პოლიტიკოსი, ბატონი ირაკლი ალასანია, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ასეთ საპასუხისმგებლო სფეროს, რაც გულისხმობს ჩვენს უსაფრთხოებაში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, თანაბარ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ სამინისტროს ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსს და მზადყოფნას ვაცხადებთ ასეთი თანამშრომლობისთვის, რომელიც ზოგადად, საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო და სასარგებლო.