„ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეცედენტული საქმე უზენაესმა სასამართლომ განხილვისთვის მიიღო

22 ნოემბერი, 2018

საქმე, რომელიც მოიცავს სამართლებრივ პრობლემას და რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არსებითი განხილვისთვის მიიღო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი განსახილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაუშვა რაც გულისხმობს „საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“, რითაც სრულად გაიზიარა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობისა და მიკერძოების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2018 წლის ივნისიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია სააქციო საზოგადოების საქმე, რომელიც ეხება პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმებას და დელიქტიდან წარმოშობილი პარტნიორი წევრის მიმართ გაუნაწილებელი დივიდენდის კანონიერების საკითხს. დადგენილია, რომ 2015 წლის 8 აპრილს შედგა აქციონერთა საერთო კრება. დღის წესრიგით განხილულ საკითხთა შორის განხილულ იქნა ერთ-ერთი პარტნიორის მიმართ დივიდენდის გაცემის საკითხი. პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა, რომ პარტნიორთა წილი გაუნაწილებელ დივიდენდად უნდა გამოყოფილიყო. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება სააქციო საზოგადოების მიმართ ფინანსური დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასახელებული პარტნიორი უშუალოდ მონაწილეობდა სააქციო საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულის მომზადებაში, ფლობდა ინფორმაციას ე.წ. „ყალბი სესხების“ გაცემაზე, შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმში აღინიშნა, რომ პარტნიორს, მართალია, გააჩნია დივიდენდის მიღების უფლება, თუმცა იმ ფინანსური ზიანის საშიშროებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეზე დადასტურდეს, გამოიწვევს რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებას. ამიტომაც, აქციონერთა კრებამ სამართალში აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის გამოყენებით - ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორის დივიდენდის გაუნაწილებელ დივიდენდად  გამოყოფის უფლებაზე და კრებას უარი არ უთქვამს აქციონერის უფლებაზე, ფლობდეს მოგებას და დივიდენდს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სააქციო საზოგადოების პარტნიორმა პარტნიორთა კრების ოქმი სასამართლო წესით გაასაჩივრა 2016 წლის 17 ნოემბერს, 16 სრული კალენდარული თვისა და 39 კალენდარული დღის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ მიჩნეულია "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-15 მუხლი, რომელიც ადგენს შემდეგს: I - ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. II - დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. ამჟამად, სადავო გარემოებაა პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ გასაჩივრება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ კრების ოქმის გასაჩივრების ვადად მიჩნეულ იქნა "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი - 5-წლიანი საპროცესო ვადა, რასაც სააქციო საზოგადოება არ ეთანხმება.

მოცმეულ შემთხვევაში, დავა ეხება დივიდენდის არა გაცემაზე უარს, არამედ გაუნაწილებელ დივიდენდად საზოგადოების წევრთა გადაწყვეტას. აღნიშნულის საფუძველია საზოგადოების ერთ-ერთი წევრი პარტნიორის კანონთან კონფლიქტში არსებობის ფაქტი. ამასთან, ამავე პირის მიერ საზოგადოების წინაშე ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარება. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს და ექსპერტიზის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მყარი შეფასების გარეშეა დარჩენილი საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების მართლზომიერების საკითხი, როდესაც საკითხი ეხება - კომპანიის კომერციულ ინტერესებს, პარტნიორის არაკეთილსინდსიერებას, დივიდენდს, როგორც საკუთრებას და საწარმოს მიმართ დამდგარ ზიანს. კანონი, ასეთ ვითარებაში, ქცევის არავითარ დადგენილ სტანდარტს არ გვთავაზობს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კი, იდენტური ხასიათის დავებზე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საქმის არსებითი განხილვისთვის დასაშვებად მიჩნევის გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: ნონა თოდუამ (თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), პაატა ქათამაძემ და ეკატერინე გასიტაშვილმა მიიღეს. საქმეზე სააქციო საზოგადოების ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ახორციელებს. ორგანიზაციას, აგრეთვე მიაჩნია, რომ დასაბუთებულია სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნევს დავა განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.



კომენტარები