2019 წლის ბიუჯეტით სასამართლო სისტემის დაფინანსება - არასაკმარისია, პრეზიდენტის ფონდის გაუქმება - არასწორი

5 დეკემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება და აქცენტს აკეთებს მართლმსაჯულების სისტემის დაფინანსების საკითხზე, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შესაძლო გაუქმების პროექტით გათვალისწინებულ მიზნებზე და აღნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტით, სასამართლო სისტემის დაფინანსების მცირედი ზრდა, ობიექტურად, ხელს ვერ შეუწყობს მართლმსაჯულების წინაშე არსებული რეფორმების სწრაფი ტემპით განხორციელებას, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებაზე უარი არ წარმოადგენს სამართლიან გადაწყვეტილებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ გიორგი ლაბაძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწავლის შედეგად, ორგანიზაციისთვის ნათელი გახდა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული და ნაკლებად მნიშვნელოვანი სფეროების შესახებ. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გარკვეული სამინისტროების დანახარჯების ზრდაზე, იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულებისა და სასამართლოს რეფორმისათვის საჭირო ფინანსები, ახალ პროექტით მობილიზებული არ არის. ინტერესს იწვევს საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოტანის ფაქტი, რომლის ერთ-ერთი მიზეზად საქმიანობის გამარტივება და ბიუროკრატიის შემცირება დასახელდა, თუმცა, მომავლი წლის ბიუჯეტში, პარლამენტის საქმიანობისთვის უფრო მეტი ფინანსური რესურსია დაგეგმილი, ვიდრე ეს მიმდინარე წელს იყო.

ასევე, სამინისტროების ხარჯების განხილვისას გასათვალისწინებელია ცალკეული სამინისტროს ხარჯის ზრდა, რაც შეიძლება მათი შეერთების ფაქტითაც აიხსნას, თუმცა, საყურადღებოა საქართველოს სამინისტროებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საერთო ჯამის შედარება გასული წლის მაჩვენებელთან. 2018 წლისთვის, ამისათვის სულ დაგეგმილი იყო 1,413,619.1 ლარი, ხოლო 2019 წლისთვის, 1,473,769.7 ლარია განსაზღვრული. შესაბამისად გამოდის, რომ  სამინისტროების გაერთიანებამ საერთო სურათზე არათუ შემცირების, არამედ ხარჯის გაზრდის მიმართულებით იმოქმედა. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს სასამართლოებთან დაკავშირებულ ხარჯებს: უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის არსებული პროექტის ხარჯვითი ნაწილი, ვერ პასუხობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, რადგან არ იკვეთება სხვა სახელმწიფო ბიუროკრატიული ხარჯებიდან, ფინანსების გამოთავისუფლების მცდელობა და მისი მიმართვა სასამართლო სისტემის რეფორმისთვის აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.

როგორც სტატისტიკაში ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯები არ იცვლება. ამასთან, მომატებულია უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ხარჯები, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტით, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფი ხარჯები, არასაკმარისია. ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში, არაერთი საერთაშორისო კვლევა შეისწავლა, სადაც მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები, დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევა. აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებიც და მათი რეკომენდაციებიც რეფორმის სწრაფი ტემპით განხორციელებას ეხება.

ორგანიზაციის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მიღებამდე, მთავრობამ უნდა იფიქროს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის ზრდაზე და დააჩქაროს სასამართლოს რეფორმის ახალი ტალღა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და სასამართლოში მოსამართლეთა ზრდის მიმართულებით. იმისთვის, რომ შევადაროთ, 2019 წლის ბიუჯეტით, მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გამოყოფილია 1 620 000 ლარი, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა და სისტემის თანამშრომელთა გადამზადებისათვის - 2 795 000 ლარი, რაც 2018 წელს, იმავე პროგრამებისთვის, გათვალისწინებულ ხარჯებზე მეტია.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ, რომელიც, მთავრობის წინა შემოთავაზების მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, არ იცვლებოდა და შეადგენდა 9,8 მილიონ ლარს, ხოლო დღეის მდგომარეობით, ეს ხარჯები შეცმირებული 6,0 მილიონ ლარამდე, რაც უკავშირდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას.

ორგანიზაცია ვერ დაეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა ავტომატურად იწვევს სარეზერვო ფონდის გაუქმებას, რაც დაკავშირებულია მისი აღმასრულებელი ფუნქციების გაუქმებასთან. სარეზერვო ფონდის არსებობა, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, უკავშირდება არამხოლოდ სტიქიურ უბედურებებთან თუ ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლას, ასევე კულტურულ, შემეცნებით თუ სახელმწიფო ინტერესთან შესაბამის სოციალურ ღონისძიებებს. აქედან გამომდონარე, აღნიშნული ნაბიჯი ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს.

პროგრამა

2018

2019

პარლამენტი

62,131.0ლ.

64,736.0 ლარი

საკონსტ. სასამართლო

4,150.0ლ.

4,150.0 ლარი

უზენაესი სასამართლო

8,400.0ლ.

9,000.0 ლარი

საერთო სასამართლოები

71,150.0ლ.

73,000.0 ლარი

საქართველოს პროკურატურა

 

36,000.0 ლარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

9,800.0ლ.

6,000.0 ლარი



კომენტარები