„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

20 დეკემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოწვევით, მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა.  

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებებით, ქვეყნისთვის უმთავრესი ორი გამოწვევა არსებობს - სიღარიბე და ოკუპაცია.

„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ახდენს თავისი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ სამშვიდობო პოლიტიკაში. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება. სიღარიბე არის საქართველოს მტერი, ის ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით მაქსიმალური ენერგია იყოს მობილიზებული. სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა, თავისი კონკურენტუნარიანობა განევითარებინა და ის არ აღმოჩნდა წარმატებული. რატომ?! იმიტომ, რომ მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რისი ცვლილებაც ჩვენ დავიწყეთ.  სიღარიბის დაძლევა  საქართველოში გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. საგადასახადო დონე, ანუ გადასახადები დიდი კომპანიებისთვის იყო უფრო დაბალი, ვიდრე მცირე ბიზნესისთვის. ეს იყო ძალიან დიდი ბარიერი საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის“ - აღინიშნა პრემიერის გამოსვლაში.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2018 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ ქვეყანაში 2019 წლის დიდი რეფორმა განათლების სისტემაში დაგეგმილი კომპლექსური ცვლილებები იქნება.



კომენტარები