„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

26 დეკემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოწვევით, ამავე კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საზოგადოებას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ წარუდგინა.  

ეკა ბესელიამ კომიტეტის საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. კერძოდ: საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობაზე და ასევე ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით საქმიანობაზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 63 სხდომა. პარლამენტში განხილული 730 კანონპროექტიდან კომიტეტმა განიხილა 593 (78.5%) კანონპროექტი. აქედან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით - 400 კანონპროექტი (71.2%) და სავალდებულო კომიტეტის სტატუსით - 193 კანონპროექტი (27.8%). კომიტეტმა, ასევე განიხილა 53 საკანონმდებლო წინადადება და 2 პეტიცია. კომიტეტისა და მისი წევრების მიერ ინიცირებული იქნა 254 კანონპროექტი, რაც ყველაზე მაღალი ციფრია წინა პერიოდთან შედარებით. კომიტეტის უშუალო მონაწილოებით, გასულ წელს გატარებული იქნა პროკურატურის რეფორმა, რის შედეგადაც პროკურატურა საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა სრულად დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც გარკვეულწილად ბმა აქვს პარლამენტთან. კერძოდ, პარლამენტი ახორციელებს საზედამხედველო საქმიანობას იმ დათქმით და იმ ფარგლებში, რაც არ გულისხმობს კონკრეტულ საქმეებზე ანგარიშვალდებულებას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კომიტეტის ინიციტივით „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე. მიმდინარე წელს, საზედამხედველო საქმიანობის კუთხით კომიტეტმა რამდენიმე სპეციალური ანგარიში მოისმინა, კერძოდ: პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2015-2018 წლების საქმიანობის ანგარიშები.

კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაზე საუბრისას, ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე. პრეზენტაციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დაესწრო.



კომენტარები