2018 წლის 28 დეკემბერს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტურ კორპუსს სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვებს. წლის ღონისძიება ორგანიზაციის ტრადიციული და მთავარი ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.
წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.
ორგანიზაცია გამართავს 2018 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაციას, საზოგადოებას წარუდგენს საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლს, წარმოდგენილი იქნება ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2019 წლის საქმიანობას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები და მეგობრები დაესწრებიან. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 18:30 საათზე დაიწყება.