ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2018 წლის 27 დეკემბრის სადამფუძნებლო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ორგანიზაციის ხელმძღვანელად, წესდების თანახმად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კვლავ არჩეულ იქნა ორგანიზაციის თანადამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი, ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს ახალი წევრი გახდა მარიამ ასანიშვილი და სადამფუძნებლო საბჭომ დააკმაყოფილა მარიკა არევაძის განცხადება 2018 წლის 27 დეკემბრიდან განუსაზღვრელი ვადით დამფუძნებლის სტატუსისა და ორგანიზაციაში უფლებამოსილების განხორციელების შეჩერების თაობაზე. წინამდებარე ცვლილებები უკვე აისახა ორგანიზაციის განახლებულ წესდებაშიც და რეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს ახალმა წევრმა მარიამ ასანიშვილმა მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. მუშაობდა იურისტ-მკვლევარად მონტენეგროში. მონაწილეობდა მთელ რიგ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მსოფლიოს მასშტაბით: არის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული მემორიალის ავტორი (ვაშინგტონი, აშშ), უილიამ ვისის სახელობის საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი (ვენა, ავსტრია), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული. ამჟამად - ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის კანდიდატი.
ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სადამფუძნებლო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია, საკუთარი განცხადების ან/და ერთ-ერთი დამფუძნებლის ინიციატივით, თუ ადგილი ექნება ამ წესდების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევას“. მოცემულ შემთხვევაში, მარიკა არევაძე საქმიანობას აგრძელებს დამოუკიდებელ იურიდიულ კომპანიაში, ხელმძღვანელობს შპს „სამართლის სკოლას“ და საზოგადოებრივი მოვლენების სამართლებრივი შეფასების პროცესში, გამოდის დამოუკიდებელი უფლებადამცველისა და ადვოკატის სტატუსით.
ამასთან, ორგანიზაციის წესდების მე-8 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, „ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ფორმირდება მოქმედი ადვოკატების, კვალიფიციური იურისტების ან/და სხვა დარგის ექსპერტების შემადგენლობით. საკონსულტაციო საბჭოს წევრს/შემადგენლობას ამტკიცებს სადამფუძნებლო საბჭო“. ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრი გახდა იურისტი ია გოგნაძე.