არჩილ კაიკაციშვილი - „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, ჩვენს ხელფასს გვიხდის კლიენტი

29 დეკემბერი, 2018

2018 წელი, არაერთი მღელვარე, საინტერესო, ისტორიული და საეტაპო მოვლენებით გვამახსოვრებს თავს, მაგრამ მთავარი პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა, ალბათ, საქართველოს ისტორიაში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი და საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებაა, რომლითაც ქვეყანა სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა. მიუხედავად სახელმწიფოებრივი განვითარების პრეცედენტებისა, „სამართლიანობა“ და „მშვიდობა“ ისეთივე აუცილებელ მოთხოვნილებად დგას თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც 100 წლის წინ, დემოკრატიულ საქართველოში. 100 წლის შემდეგ, ქართული საზოგადოების წინაშეც იდენტური და მარადიული საფიქრალი დგას - ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, პოლიტიკური კურსი, სიღარიბე და სამოქალაქო თანხმობა. 100 წლის წინ დაფუძნდა პირველი ქართული სასწავლებელი და 100 წლის შემდეგაც, განათლება რჩება უმთავრეს გამოწვევად - თანამედროვე, ევროპული ყაიდის, წარმატებული ქვეყანა შეუძლებელია განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საქართველოს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ორგანული ინტეგრირების გარეშე. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ჩვენი თანამედროვე ისტორიისა და ცხოვრების ყველაზე მძიმე და შეურიგებელი მომენტია. 2018 წელი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციის ყველაზე სასტიკ გამოვლინებებსა და ფორმებს, სადაც თანამედროვე „ლეკიანობა“ ეროვნული თავმოყვარეობისა და პიროვნული ღირსების საკითხია. საქართველომ უნდა გაზარდოს ძალისხმევა თაობათა შორის დიალოგის უზრუნველსაყოფად, ქვეყანას უნდა გააჩნდეს სწორი ეროვნული სტრატეგია და სამშვიდობო პოლიტიკის შედეგების საფუძველზე, აფხაზ და ოს მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფოსთან ინტეგრაციით, გაუჩნდეთ განსაკუთრებული დაცვისა და განვითარების ალტერნატიული პირობები. საამისოდ, მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ თავად თქვას უარი სიძულვილის ენაზე, „ისტებად“ დაყოფაზე, ავტორიტეტებთან ბრძოლაზე, უთანასწორო გარემოზე. მარადიული კითხვა - აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ ჩრდილოეთი, უკვე გარკვეულია. საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, მისი განვითარებისა და უსაფრთხოების თანამედროვე დღის წესრიგი - ევრო-ატლანტიკური ოჯახია. 

დემოკრატიული ქვეყანა წარმოუდგენელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, დამოუკიდებელი მედიისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების გარეშე. 2018 წლის მოვლენებმა აჩვენა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური ზეგავლენისგან სრულად თავისუფალი არ არის. პარტიულ, ლიბერალურ და თავისუფალ მედიას შორის არსებობს მნიშვნელოვანი წითელი ხაზები. სამოქალაქო ორგანიზაციების დამოუკიდებლობა საზოგადოება უნდობლობას და ეჭვს იწვევს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ადამიანის უფლებების დაცვის შერჩევითი ხასიათი.  საპირწონედ, არ არსებობს დამოუკიდებელი ფული და დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, რომლებიც შეძლებდნენ ალტერნატიული ხედვების წარმოდგენას და საზოგადოების ინფორმირებას. 2018 წელს სამოქალაქო სექტორის დაფინანსებაზე გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მთავარი შეფასებაც ასე ჟღერდა: „დემოკრატიულ სისტემაში სახელმწიფოს სამოქალაქო სექტორის დაფინანსების ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს, რასაც დღეს საქართველოში ვერ ვხედავთ. ეს, თავის მხრივ, იწვევს იმას, რომ არასამთავრობო სექტორს აქვს ეკონომიკური მდგრადობის პრობლემა“. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლავ იქნება შესაძლებლობების, ობიექტური და საზოგადოებისთვის სანდო ორგანიზაცია, ვინაიდან ჩვენი შემოსავლის წყარო დაკავშირებულია ჩვენი პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამ გაგებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, ჩვენს ხელფასს გვიხდის კლიენტი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციისთვის, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი და საფუძველია. ამიტომაც, ეს განაპირობებს ნდობას და მათ შორის, პროფესიული საზოგადოებისა თუ კრიტიკოსების აღიარებას. ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და ჩვენი საქმე და ჩვენი სიტყვა იწყება ღირსებიდან, თავისუფლებიდან, თანასწორობიდან, საიდანაც შეიქმნა და რატომაც არსებობს „ახალგაზრდა ადვოკატები“. 

გილოცავთ 2019 წელს, სიკეთე და მშვიდობა გქონოდეთ! 

 



კომენტარები