„ახალგაზრდა ადვოკატები“ - 2018 წლის საქმიანობა შედეგებსა და სტატისტიკაში

29 დეკემბერი, 2018

2018 წელს, „ახალგაზრდა ადვოკატები“, ერთ-ერთი აქტიური ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელმაც არაერთი შეფასება წარმოადგინა მართლმსაჯულების საკითხებზე, სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, სოციალური პოლიტიკის პრობლემურ მხარეებსა და ადამიანის უფლებების სფეროს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ორგანიზაცია აქტიური აღმოჩნდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეფასებისას და განახორციელა კვლევითი საქმიანობა, რომელიც მოიცავდა სამართალწარმოების პროცესში დარღვევებისა და ნეგატიური შედეგების მიგნებებს.

ორგანიზაციამ გამოსცა 2 კვლევა, რომელიც ეხებოდა ჩინური სახელმწიფო კომპანია „სინოჰიდროს“ საქართველოში საქმიანობის კრიტიკულ ანალიზს და „მეტალინვესტის“ საქმეს. ორგანიზაციამ განახორციელა დამატებითი მონიტორინგი, რომელიც ეხებოდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებებს, საკითხზე აქტიურად იქნა წარმოდგენილი სხვადასხვა სადისკუსიო ფორმატებში. ჩაატარა 3 სადისკუსიო მაგიდა, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას მათ საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე წარედგინა 10-ზე მეტი რეკომენდაცია და წინადადება, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა 1 საკანონმდებლო წინადადება სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს წარედგინა სარეკომენდაციო პაკეტი კანონში ცვლილებების შეტანისა და ბიზნეს ომბუდსმენის საერთო სასამართლოების სისტემაში „სასამართლო მეგობრის“ სტატუსით ჩართვაზე, რაც პარლამენტმა გაიზიარა და დაგეგმილია შესაბამისი განხილვები. მოაწყო საკანონმდებლო წინადადების 2 საჯარო განხილვა, სამართლიანობის აღდგენისა პროცესში, არაერთი განცხადება წარუდგინა საქართველოს პროკურატურას, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი ლისის ტბის საქმეზე ბიზნესმენის დაზარალებულად ცნობა, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე რეალური დამნაშავეების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეზე მიუკერძოებელი სამართალწარმოების განხორციელება. ორგანიზაციამ მოამზადა 10-ზე მეტი მონიტორინგი და საზოგადოებას შესთავაზა პრობლემური საკითხების კვლევა მოქალაქეობის მიღების, შესყიდვების გამჭვირვალობის, ხმაურის შესახებ რეგულაციების, 1 ლარად სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონებების, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უფლების დარღვევის, სამედიცინო რეგულირების, ბიზნეს-ოპერატორების საქმიანობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. მოამზადა და წარადგინა საკონსტიტუციო სარჩელი და ისარგებლა „სასამართლო მეგობრის“ სტატუსით, როგორც საკონსტიტუციო, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ორგანიზაციამ 2018 წელს პოლიტიკის, სამართლისა და საზოგადოების აქტუალურ საკითხებზე გამართა 22 პრესკონფერენცია (ბრიფინგი), მედიაში გავრცელდა 149 საჯარო განცხადება, ორგანიზაციის წევრები, 164-ჯერ იქნენ წარმოდგენილი სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო არხზე მომზადებულ სიუჟეტებსა და ღია ეთერებში, ხოლო ბეჭდურ გამოცემებში, 18-ჯერ გაშუქდა ორგანიზაციის პოზიცია. რაც შეეხება ელექტრონულ მედიას, კერძოდ, ახალი ამბების სააგენტოებს, ორგანიზაციის საჯარო განცხადება და აღმასრულებელი გუნდის ცალკეული წევრების კომენტარი, სულ წარმოდგენილ იქნა 647-ჯერ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყველა გასულ წელთან შედარებით. ორგანიზაცია აქტიური იყო კორესპონდენციის სტატისტიკითაც. 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციამ სხვადასხვა უწყებების მიმართ უზრუნველყო 367 წერილის გაგზავნა და გამოხმაურება მიიღო 234 კორესპონდენციის სახით. მათ შორის, არსებობდა ინსტიტუციური ხასიათის კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან.

2018 წელი ორგანიზაციის სამართლის ჯგუფისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა სამართალწარმოების პროცესითაც. „ახალგაზრდა ადვოკატების“ უფასო იურიდიული კონსულტაციით, რომლის ოფიციალური რეგისტრაციაც მოხდა, ისარგებლა 87 მოქალაქემ. წლის მანძილზე, ორგანიზაციის იურისტებმა არაერთ სამართლებრივ შეკითხვას უპასუხეს ორგანიზაციის ოფიციალური სოციალური გვერდის მეშვეობითაც, მათ შორის ქართველ ემიგრანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

2018 წლის დეკემბერში, ორგანიზაციამ დაამტკიცა საქმისწარმოების სტატისტიკის ახალი მოდელი, რომელიც დეტალურად ასახავს სამართლის ჯგუფის წარმოებაში არსებული საქმეების სტატუსს. 2018 წლის ბოლოს, წარმოებული საქმეების მაჩვენებელი შემდეგნაირია: წარმატებული საქმეები - 64%, წარუმატებელი დავები - 18%, მორიგებით დასრულებული საქმეები - 10%, დავები, რომლებზეც შეწყდა წარმოება სარჩელზე უარის თქმის ან სხვა ანალოგიური საფუძვლებით - 8%. ამასთან, დეტალური კლასიფიკაციის სახე მიიღო სამართალწარმოების იმ საქმეებმა, რომელთა მიმართაც საბოლოო შედეგები, არ არსებობს. კერძოდ, ორგანიზაციის წარმოებაში 48%-ს შეადგენს საქმეები, რომლებზეც არ დამდგარა გადაწყვეტილება, 7%-ს დავები, რომლებზეც სასამართლოში წარმოება არ დაწყებულა, ხოლო 45%-ს შეადგენს სარჩელები, რომლებიც მზადების ეტაპზეა და უნდა წარედგინოს სასამართლოს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი, ყველა საქმეს სასამართლოში იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ სახელით ახორციელებს. ამასთან, 2018 წელსაც სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებად მივიჩნიეთ Pro Bono-ს სახელით დავების მომზადებაც. 2018 წელს, არაერთ დავაზე დადგა პრეცედენტული გადაწყვეტილება, რასაც თავად სასამართლომ უწოდა „ისტორიული“.

ორგანიზაცია წარმოდგენილ იქნა 20-ზე მეტ პროფესიული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიებაზე. 2018 წელს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარედ. 2018 წელს, ორგანიზაციამ გააღრმავა თანამშრომლობა და მემორანდუმები გააფორმა, როგორც საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან, აგრეთვე „საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაციასთან“. წარმატებით გაგრძელდა და არაერთ აქტუალურ საკითხზე, „სამართლის სკოლასთან“ თანამშრომლობით, გამოიცა სამეცნიერო ჟურნალი. 2018 წელს, ორგანიზაციამ და ტელეკომპანია „ობიექტივმა“ დაიწყეს ერთობლივი ინიციატივის განხორციელებაც და რუბრიკაში: „იურისტის საათი“, ყოველკვირეულად, საზოგადოებას აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მიეწოდებათ სამართლებრივი რჩევები. ორგანიზაციამ წლის მანძილზე, ორჯერ განაახლა აღმასრულებელი გუნდი და კიდევ ერთი ნაყოფიერი წელიც, ერთგულად ემსახურა საზოგადოებას.



კომენტარები