გვაქვს შესაშური მოტივაცია, 2019 წელს მეტი ახალი სიტყვა ვთქვათ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში

29 დეკემბერი, 2018

- ყველას, განურჩევლად ყველას „ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და პატივისცემისთვის, ყოველი წლის ბოლოს ჩვენ ვიკრიბებით საერთო განწყობით და საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს - რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და როგორი გვინდა იყოს ჩვენი საქმიანობა მომავალში. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის საქმიანობის წარდგენისას 2018-2019 წლებში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ზურაბ ახობაძემ განაცხადა. 

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია წარმოვადგენდე ახალგაზრდა ადვოკატების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და ამით ვაგრძელებდე ორგანიზაციის საზოგადოებასთან კარგი კომუნიკაციის ტრადიციებს. 

2018 წელი, ჩემს ცხოვრებაშიც საინტერესო იყო - მივიღე მნიშვნელოვანი ნდობა და პატივი მხვდა ნიჭიერი, ჩემი თაობის საინტერესო იურისტებთან ერთად გამეგრძელებინა საქმიანობა. 

ეს წელი, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“, ნაყოფიერი, დატვირთული და საქმიანობით მრავალმხრივი იყო. არ დარჩენილა სამართლებრივი, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მიმართაც, ორგანიზაციას არ წარმოედგინა საკუთარი საჯარო პოზიცია და შეხედულება. 

მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების პირუთვნელი შეფასება, სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობის ანალიზი, აქტუალური საზოგადოებრივი და სოციალური საკითხების კვლევა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სამართლიანობის აღდგენის პროცესის მონიტორინგი - ეს არის ორგანიზაციისა და ჩვენი გუნდის 2018 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 

ჩვენმა გუნდმა მოახერხა, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციით, წარმატებული საქმეები 64% პროცენტი ყოფილიყო, ხოლო წარმოებაში 48%-ს შეადგენს საქმეები, რომლებზეც არ დამდგარა გადაწყვეტილება, 7%-ს დავები, რომლებზეც სასამართლოში წარმოება არ დაწყებულა, ხოლო 45%-ს შეადგენს სარჩელები, რომლებიც მზადების ეტაპზეა და უნდა წარედგინოს სასამართლოს. 2018 წელს, არაერთ დავაზე დადგა პრეცედენტული გადაწყვეტილება, რასაც თავად სასამართლომ უწოდა „ისტორიული“. 

ჩვენ ვართ ძალიან ამაყები იმით, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ უფასო იურიდიული კონსულტაციით ისარგებლა 87 მოქალაქემ. წლის მანძილზე, ორგანიზაციის იურისტებმა არაერთ სამართლებრივ შეკითხვას უპასუხეს ორგანიზაციის ოფიციალური სოციალური გვერდის მეშვეობითაც, მათ შორის ქართველ ემიგრანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. 

ჩვენ გვაქვს სურვილი და შესაშური მოტივაცია, გაცილებით მეტი და ახალი სიტყვა ვთქვათ 2019 წელს ადამიანის უფლებების დაცვისა სფეროში და ვემსახუროთ ჩვენი განსაკუთრებული პროფესიიდან და მისიიდან თითოეულ მოქალაქეს. 

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებს“ გააჩნია საზოგადოებრივი ნდობის მანდატი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ყველა თაობა ემსახურებოდა იმას, რასაც ორგანიზაციის ღირებულებები და დევიზიც წარმოადგენს - ღირსებას, თავისუფლებას“ - განაცხადა თავის შესავალ სიტყვაში ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. 

 



კომენტარები