არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეებს: ნინო ბაქაქურს, ზურაბ ძლიერიშვილსა და ბესარიონ ალავიძეს საჯარო მადლობა გადაუხადა

30 დეკემბერი, 2018

2018 წელი ჩვენთვის სავსე იყო მნიშვნელოვანი, პრეცედენტული და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის წარმოებული და მოგებული დავებით, თუმცა წლის ბოლოს, ერთი მათგანი აუცილებლად უნდა გამოიყოს და შეფასდეს. ეს არის მოქალაქე როლანდ ბლადაძის საქმე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება.  სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოში, სახელმწიფოსთან სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და 2016-2007 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე დავა სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე დასრულდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული. როლანდ ბლადაძეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცა. ეს იყო პრეცედენტი - აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 28 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

„როლანდ ბლადაძის საქმემ, რა დროსაც მოქალაქე სისტემის წინაშე აღმოჩნდა და არც ხელისუფლებაში და არც სასამართლო სისტემაში, არავის სჯეროდა დავაზე წარმატებული შედეგი, საკასაციო სასამართლომ სისტემური დანაშაულის ამ საქმეზე, შეძლო თამამი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამართალწარმოების განხორციელება. შესაბამისად, მხარეთა რეალური თანასწორუფლებიანობის პირობებში, შევძელი მოქალაქის კანონიერი ინტერესების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა. სასამართლოს გადაწყვეტილება და მიუმხრობელი მართლმსაჯულების განხორციელება არ შედგებოდა, რომ არა საქმის განმხილველი სამი მოსამართლე, ქალბატონი ნინო ბაქაქური და ბატონები: ზურაბ ძლიერიშვილი და ბესარიონ ალავიძე. როლანდ ბლადაძის საქმემ საზოგადოებას აჩვენა დამოუკიდებელი ადვოკატისა და დამოუკიდებელი მოსამართლეები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი მუშაობის შედეგი. ამიტომ, უფლება არ მაქვს, წლის გაბედული, პრინციპული პოზიციებისთვის და მაღალი პროფესიული სტანდარტისთვის, საჯარო მადლობა არ გადავუხადო სწორედ ნინო ბაქაურს, ზურაბ ძლიერიშვილსა და ბესარიონ ალავიძეს. დღეს ასეთ მოსამართლეებზე დგას ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა და მომავალი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე სხდომები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად სცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. დადგენილია, რომ როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა. 2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს.



კომენტარები