„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2018 წლის წარმოებული და მიმდინარე დავების სტატისტიკას აქვეყნებს

30 დეკემბერი, 2018

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წლის დეკემბერში, დაამტკიცა საქმისწარმოების სტატისტიკის ახალი მოდელი, რომელიც დეტალურად ასახავს სამართლის ჯგუფის წარმოებაში არსებული საქმეების სტატუსს. აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 28 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

2018 წლის ბოლოს, წარმოებული საქმეების მაჩვენებელი შემდეგნაირია: წარმატებული საქმეები - 64%, წარუმატებელი დავები - 18%, მორიგებით დასრულებული საქმეები - 10%, დავები, რომლებზეც შეწყდა წარმოება სარჩელზე უარის თქმის ან სხვა ანალოგიური საფუძვლებით - 8%. ამასთან, დეტალური კლასიფიკაციის სახე მიიღო სამართალწარმოების იმ საქმეებმა, რომელთა მიმართაც საბოლოო შედეგები არ არსებობს. კერძოდ, ორგანიზაციის წარმოებაში 48%-ს შეადგენს საქმეები, რომლებზეც არ დამდგარა გადაწყვეტილება, 7%-ს დავები, რომლებზეც სასამართლოში წარმოება არ დაწყებულა, ხოლო 45%-ს შეადგენს სარჩელები, რომლებიც მზადების ეტაპზეა და უნდა წარედგინოს სასამართლოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი, ყველა საქმეს სასამართლოში იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ სახელით ახორციელებს.

2018 წელსაც სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებას წარმოადგენდა Pro Bono-ს სახელით დავების მომზადებაც. 2018 წელს, არაერთ დავაზე დადგა პრეცედენტული გადაწყვეტილება, რასაც თავად სასამართლომ უწოდა „ისტორიული“.

2018 წელი ორგანიზაციის სამართლის ჯგუფისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა სამართალწარმოების პროცესითაც. „ახალგაზრდა ადვოკატების“ უფასო იურიდიული კონსულტაციით, რომლის ოფიციალური რეგისტრაციაც მოხდა, ისარგებლა 87 მოქალაქემ. წლის მანძილზე, ორგანიზაციის იურისტებმა არაერთ სამართლებრივ შეკითხვას უპასუხეს ორგანიზაციის ოფიციალური სოციალური გვერდის მეშვეობითაც, მათ შორის ქართველ ემიგრანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ამასთან, 2018 წელს, ორგანიზაციამ და ტელეკომპანია „ობიექტივმა“ დაიწყეს ერთობლივი ინიციატივის განხორციელება და რუბრიკაში: „იურისტის საათი“, ყოველკვირეულად, საზოგადოებას საშუალება ეძლევა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოისმინოს ორგანიზაციის იურისტების სამართლებრივი რჩევები.



კომენტარები