„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ GBA -ს თავმჯდომარეს ადვოკატის პროფესიის გაძლიერებისთვის მადლობის სიგელი გადასცა

30 დეკემბერი, 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანს 2018 წელს ადვოკატის პროფესიის გაძლიერებისა და ინსტიტუციური ცვლილებებისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2019 წელი ისტორიული და საიუბილეოა საქართველოს ადვოკატთა კორპუსისთვის, ვინაიდან სრულდება 100 წლის იუბილე, რაც ოფიციალურ ჩანაწერებში, პირველად გაჩნდა ვექილის ინსტიტუტი საქართველოში. მისივე თქმით, ორგანიზაციას პატივი ხვდა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე 2017 წელს წარედგინა და მხარი დაეჭირა დავით ასათიანის კანდიდატურისთვის. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა მიიღეს პრინციპული და ღირსეული გადაწყვეტილება. შედეგები ცხადყოფს, რომ 2018 წელს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდა არაერთი რეფორმის, ინიციატივისა და ინსტიტუციური ცვლილებების ავტორი. საქართველოს კონსტიტუციაში ადვოკატის როლის სათანადო ასახვა წარმოუდგენელი იყო დავით ასათიანის პერსონალური და თავისი გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევის გარეშე. პროფესიის გაძლიერებისთვის გაღრმავდა საერთაშორისო კონტაქტები. თბილისმა უმასპინძლა არაერთ მასშტაბურ ფორუმსა და კონფერენციას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მიღებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელ გუნდს და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოადგენს მაღალი სტანდარტის მქონე სამოქალაქო ორგანიზაციას და პროფესიაში თაობათა ღირსეულ ცვლას. დავით ასათიანის განცხადებით, ასოციაცია მუდმივად გაძლიერდება და ადვოკატის პროფესიაში შემოსვლა სულ უფრო პრესტიჟული და სასურველი იქნება, მათ შორის ყოფილი პროკურორებისა და ყოფილი მოსამართლეებისთვისაც. მისივე თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის საზოგადოებაში და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ორგანიზაციამ წლების მანძილზე შექმნა წარმატებული საქმიანობის მოდელი.



კომენტარები