ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე განხილვა დაიწყო. დავას ოთხი მოსარჩელე ჰყავს - ნინო ღამბაშიძე, ლოლა სარალიძე, რუსუდან ლაბაძე და მანანა ხვედელიძე, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და კონკურსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კი ერთდროულად არღვევს კანონს და მორალური ქცევის კოდექსს.
მოსარჩელე მხარე მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანება უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ვალერიან ვაშაკიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ქეთევან ქუთათელიძისა და ალექსანდრე თვარაძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში არჩილ კოხრეიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში ხათუნა იოსელიანის არჩეულად გამოცხადების ნაწილში. ამასთან, მოთხოვნილია სადავო ბრძანების მიღებისთვის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილობა, მოსარჩელეების შესაბამის თანამდებობებზე დანიშნვა ან ტოლფასი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა, იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.
სასამართლოს პირველ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მოსამართლე დავით წერეთლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და საქმეზე მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულების განხორციდელება მოითხოვა. მხარემ წარმოადგინა საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე დავით წერეთელი და თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე საქმიანობით დაკავშირებული აღმოჩდნენ 2006-2007 წლებში. კერძოდ, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე 2004-2013 წლებში უმაღლესი განათლების პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა ცეტრლაური ევროპის უნივერსიტეტში. 2006-2007 წლებში, ამავე უნივერისტეტში, ამავე პროგრამით სწავლობდა მოსამართლე დავით წერეთელიც. ამასთან, მოსამართლის დამსაქმებელი, წლების განმავლობაში, იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ მოსამართლემ სადავო აქტების მიმღებ უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტარციასთან პირადი და საქმიანი ურთიერთობები გამორიცხა და აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „ვინ არის უნივერსიტეტის რექტორი, რა გვარისაა?“ - იკითხა შუამდგომლობის მოსმენის დროს მოსამართლემ და აღნიშნა, რომ საქმის მიუკერძოებლად განხილვის საფრთხე არ არსებობდა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. საკონკურსო შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით. გიორგი ოთხმეზურის კომისიამ უარყოფითი დასკვნა მოამზადა, სადაც მკაფიოდ აღინიშნა, რომ არ ჩანდა, მოახდინა თუ არა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგების ურთიერთშეჯერება და ეფუძნებოდა თუ არა კომისიის გადაწყვეტილებები წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას. ასევე, იყო ბუნდოვანი და ოქმებიდან არ იკვეთებოდა კონკურსანტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. 2018 წლის 3 აგვისტოს თსუ-ს რექტორს მიეწოდა უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიც, რომელიც, აგრეთვე უარყოფითად და კრიტიკულად აფასებდა კომისიის გადაწყვეტილებებს. იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში აღინიშნა, რომ კომისიამ იმსჯელა მხოლოდ კანდიდატების გამოცდილებაზე და არ იმსჯელა სხვა კანდიდატების მიმართ უარის თქმის ნაწილში შინაარსობრივ შედარებით დახასიათებაზე.
სწორედ ამ პროცესის შემდეგ, 2018 წლის 20 სექტემბერს, საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა - ზურაბ ბრაგვაძემ, ხათუნა თოდაძემ და დარეჯან კლდიაშვილმა განცხადებით მომართეს თსუ-ის რექტორს და უარი განაცხადეს საკონკურსო კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე. უფრო ადრე კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ. საკონკურსო კომისიის მუშაობა შეწყდა და კომისია გახდა არაუფლებამოსილი, გადაწყვეტილებაუუნარო, რაც დადასტურდა კიდევ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თსუ-ის რექტორის მიმართ წარდგენილ 2018 წლის 21 სექტემბრის მოხსენებით ბარათში. ამის მიუხედავად, 2018 წლის 11 ოქტომბერს საკონკურსკო კომისია 5 წევრის მონაწილეობით მაინც შეიკრიბა, სადაც განიხილეს კონკურსში გასულ და არგასულ (დამარცხებულ) კონკურსანტთა გამარჯვების და გამარჯვებაზე უარის თქმის დასაბუთებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისია ფაქტობრივად და რეალურად, შედგებოდა 3 წევრისგან: ზაზა აბაშიძე (თავმჯდომარე), ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა. დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.
დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრიდან, კომისიას გადაწყვეტილებებისთვის სჭირდებოდა, სიითი უმრავლესობის მიხედვით, კომისიის 3 წევრის თანხმობა. სხდომას არ ესწრებოდა ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა, რომელსაც ოქმს ხელი სხვა ვითარებასა და სხვა ადგილას მოაწერინეს. შემაჯამებელი ოქმის უკანონობაზე მიუთითებს კომისიის ყოფილი წევრების, არაუფლებამოსილი პირების ხელმოწერაც. კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე ერთპიროვნულად არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის იურიდიული გადაწყვეტილება. მეტიც, კომისიის მუშაობა ოფიციალური წესით დაედასტურებინა. შესაბამისად, არავითარი იურიდიული ძალმოსილება არ გააჩნია 2018 წლის 11 ოქტომბრის დამატებით ოქმს შემაჯამებელი ოქმისთვის, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თსუ-ის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება - უკანონოა.
სასამართლომ 2019 წლის 10 იანვრის სხდომაზე დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე მოწმის სახით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე; ზაზა აბაშიძე და წევრები: დარეჯან კლდიაშვილი, ნინო აბაკელია, ბეჟან ხორავა და ომარ არდაშელია დაიკითხებიან. ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საქმეში მესამე პირად ჩაერთვნენ სადავო კონკურსის შედეგად დანიშნული პირებიც.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ის, რაც აღნიშნული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით პირველ ქართულ უნივერსიტეტში მოხდა და რასაც უნივერსიტეტის რექტორმა ხელი შეუწყო, ჩვეულებრივი სირცხვილია. რექტორმა პატივი არ სცა ღირებულებებს, რომელიც ერთის მხრივ, კონკურსის გამჭვირვალობასა და სამართლიან შედეგს უზრუნველყოფდა, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებსა და აკადემიურ გარემოს.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, შეუძლებელია თსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგებს, წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ სამართლიანი და კანონიერი უწოდოს. ამასთან, ადგილი აქვს სხვა არაერთ დარღვევას და დოკუმენტების შესაძლო გაყალბებას, რასაც შესაძლოა სისხლის სამართლის წესით მიცეს მსვლელობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ კონკურსში ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, კონკურსის შედეგები წინასწარ იყო ცნობილი და რექტორმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა დროებითი კომისიით თუ თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის მითითებებზე, შეეგუა უკანონობის დაშვებას და ხარკი გადაიხადა გარკვეული ინტერესებისთვის, რასაც ორგანიზაცია სამართალწარმოების პროცესში, სააშკარაოზე გამოიტანს.
ცნობისთვის: ნინო ღამბაშიძემ, ლოლა სარალიძემ, რუსუდან ლაბაძემ და მანანა ხვედელიძემ სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. საქმეზე განსჯად კოლეგიად დადგინდა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმის განხილვა 2019 წლის 13 თებერვალს, 14:00 საათზე გაგრძელდება.