განათლების სამინისტრომ საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციასთან დავა უზენაესს სასამართლოშიც წააგო

12 იანვარი, 2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია „ბალავარის“ მიმართ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რითაც საკასაციო სასამართლომ საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის მიმართ წარდგენილი სამართლებრივი პრეტენზიები მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე, დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ცნო და საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის კეთილსინდისიერება დაადასტურა. სამინისტრომ „ბალავართან“ მოთხოვნა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში წააგო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმე ეხება 2015 წლის 20 მარტს, სამინისტროს და საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია - „ბალავარს'' შორის საქართველოს 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N92 ბრძანების შესაბამისად, პროგრამა „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“ ასიგნებების ფარგლებში, საერთაშორისო კონკურსში „EUROMATH-2015“ საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობის დაფინანსებას და N09-1/63/12 ხელშეკრულების შესრულების ფაქტს. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 33 275.20 ლარს. დადგენილია, რომ „ბალავარს“ - 33 275.20 ლარი ანგარიშზე გადაერიცხა - 2015 წლის 24 მარტს დილით, ხოლო ანგარიშზე თანხის ასახვა მოხდა რამოდენიმე საათის შემდეგ. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოსწავლეები ღონისძიებაზე დასასწრებად საბერძნეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ არაუგვიანეს 2015 წლის 24 მარტისა, რამდენადაც ღონისძიება იწყებოდა - 2015 წლის 25 მარტს. შესაბამისად, დადგინდა, რომ თანხის გადარიცხვიდან გამგზავრებამდე, მოპასუხე მხარეს (საერთაშორისო ასოციაციას) საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის, ბილეთების შესაძენად, სასტუმროს დასაჯავშნად და ვიზების საკითხის გასარკვევად, ჰქონდა რამოდენიმე საათი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ასოციაციის მიმართ სარჩელი იმ თანხების დაბრუნების მოთხოვნით აღძრა, რომელიც კონკურსში გასამგზავრებლად, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის, ფორსირებულად გადაიხადა ასოციაციამ, ხოლო სამინისტრომ ამ ნაწილში გახარჯული თანხები მიიჩნია არამიზნობრივად. სამინისტრომ მოითხოვა 7,134,16 ლარის მოპასუხის მიმართ დაკისრება. აგრეთვე, 332,75 ლარის პირგასამტეხლოს სახით გადახდა. „ბალავარმა'' სამინისტროს მიმართ აღიარა მხოლოდ დასაბრუნებელი თანხა - 4712.50 ლარის ოდენობით, შესაბამისად, სარჩელი ცნო ამ ნაწილში. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. კერძოდ, მოპასუხე მხარის მიერ ფაქტიურად გახარჯული თანხები - 28 377 ლარი წარმოადგენდა საერთაშორისო კონკურსში საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობის მიზნით გახარჯულ მიზნობრივ ხარჯებს, რის გამოც მითითებული თანხა - 28 377 ლარი (33 275.20 ლარიდან) არ ექვემდებარება დაბრუნებას. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაბრუნებას ექვემდებარებოდა დარჩენილი აუთვისებელი თანხა - 4 899 ლარის ოდენობით, ხოლო ვინაიდან „ბალავარმა“ სამინისტროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა 20 დღის დაგვიანებით, გაიზიარა სამინისტროს მოთხოვნა ამ ნაწილში პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილია, რომ „სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვა მოხდა გამგზავრების დღეს - 2015 წლის 24 მარტს და ასოციაციას ჰქონდა რამოდენიმე საათი იმისათვის, რომ მოეწესრიგებინა სხვადსხვა სახის საორგანიზაციო საკითხები, როგორიცაა 14 ბავშვის გამგზავრება საზღვარგარეთ, მათ შორის განეხორციელებინა ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა და სავიზო მომსახურება და ა.შ., რისთვისაც საჭიროა დროის გარკვეული პერიოდი და როდესაც სამინისტროსთვის ცნობილი იყო ღონისძიების გამართვის თარიღი - 2015 წლის 25 მარტი და თანხის გადარიცხვას ახორციელებს წინა, გამგზავრების დღეს - 24 მარტს, მისთვის კი ცნობილია, რომ თანხის გადარიცხვის შემდგომ მოსაწესრიგებელია მთელი რიგი ღონისძიებები, ამ პირობებში, ასოციაციისთვის  მიცემული დრო არასაკმარისია და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ჩარიცხვა ვერ განიხილება წინასწარ ანაზღაურებად. თანხის 2015 წლის 24 მარტს დარიცხვის გამო დამატებით საჭირო გახდა სასყიდლიანი სავიზო მომსახურების მიღება, რამაც გამოიწვია ხარჯის გაზრდა - 1224.21 ლარით, რაც ასოციაციისთვის ბრალეულ ქმედებად ვერ განიხილება და მითითებული თანხა წარმოადგენს დანართით გაუთვალისწინებელ მიზნობრივ ხარჯს. ამასთან, დადგენილია შემდეგი გაუთვალისწინებელი მიზნობრივი ხარჯის არსებობაც. როგორიცაა: თარჯიმნის მომსახურება 627.50 ლარის ოდენობით, საკომისიოს ხარჯი 200.47 ლარის ოდენობით, ტრასპორტირების ხარჯი - 770 ლარის ოდენობით, ინტერნეტით სარგებლობის ხარჯი - 99.94 ლარის ოდენობით, დაზღვევის ხარჯი - 100.65 ლარის ოდენობით, კონვერტაციის გამო ხარჯი - 88 ლარის ოდენობით, მითითებული ხარჯის გაზრდა - ასევე ვერ განიხილება ასოციაციის ბრალეულ ქმედებად და მითითებული თანხაც წარმოადგენს გაუთვალისწინებელ მიზნობრივ ხარჯს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული თანხების ნაწილში გაღებული ხარჯი ასოციაციის მიერ მიზნობრივად არის გახარჯული და არ ექვემდებარება დაბრუნებას, რამდენადაც, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ათენში 2015 წლის 25 – 30 მარტს საერთაშორისო კონკურსში საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებული ღონისძიების დაფინანსება, რისთვისაც ასოციაციის მიერ 33 275 ლარიდან გახარჯულია 28 377 ლარი, ამდენად ასოციაციის მიერ დამატებით გაწეული ხარჯი, სადავო - 2236 ლარი წარმოადგენს გაუთვალისწინებელ ხარჯს და არა არამიზნობრივ ხარჯს, რამდენადაც, ფაქტობრივი დანახარჯი არ გასდენია და მოემსახურა ხელშეკრულების საგანს. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული არამიზნობრივ ხარჯად და არ ექვემდებარება დაბრუნებას“.

ამასთან, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „იმისათვის, რომ მოხდეს მკვეთრი გამიჯვნა, საჭიროა განიმარტოს ტერმინების „არამიზნობრივი ხარჯი'', „აუთვისებელი თანხა'' და „გაუთვალისიწნებელი ხარჯის'' განმარტება. არამიზნობრივი ხარჯი არის - გარკვეული მიზნის მიღმა გაწეული ხარჯი, რომელიც არ შეიძლება რაიმე სახით იყოს დაკავშირებული კონკრეტული მიზნის მისაღწევად დაკავშირებულ ხარჯთან. აუთვისებელი თანხა შეიძლება იყო თანხა, რომელიც გამოყოფილია გარკვეული მოქმედების შესასრულებლად, თუმცა მისი ათვისება ამა თუ იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯი შეიძლება იყოს ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ მიზანთან, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო მისი წინასწარ გათვალისწინება ვერ მოხერხდა“.

ცნობისთვის: საქმეზე განჩინება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 28 დეკემბერს მიიღო, რაც მხარისთვის ცნობილი 2019 წლის 11 იანვარს გახდა. სამინისტრომ საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა. კანონის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინება, რომელმაც თავის მხრივ, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოცხადებისთანავე, შევიდა კანონიერ ძალაში.



კომენტარები