საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, მოქალაქემ ქართული ტურისტული კომპანიის მიმართ სამართლებრივი დავა მოიგო და სამოზგაურო ხელშეკრულების არაკეთილსინიდსიერი შესრულების გამო, კომპანიას ტურისტული მოგზაურობისთვის გადახდილი თანხა დააკისრა. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლობის გამო განუხილველი დატოვა მოქალაქის მიმართ ტურისტული კომპანიის საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, ქართული ტურისტული კომპანია მოქალაქეს 2400 აშშ დოლარს გადაუხდის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოქალაქე მ. ქ.-ს დაუკავშირდა კომპანიის შუამავალი და შესთავაზა ისრაელში ტურისტული კომპანიის მეშვეობით გამგზავრება, რისთვისაც მ.ქ.-მ გადაიხადა 3500 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მოიცავდა შუამავლის ანაზღაურებას და ტურის ღირებულებას. თანხის გადაცემა გაფორმდა ხელწერილით. 2009 წლის 1 მარტს დაიგეგმა პირველი ტური, სადაც მონაწილეობდა სამი ტურისტი. ტურის ღირებულება შეადგენდა 3142.00 აშშ დოლარს.
2009 წლის 26 მარტს, ზემოაღნიშნული შეთანხმებების საფუძველზე, ისრაელში გამგზარების მსურველი პირები, მათ შორის მ. ქ, შეთანხმებულ დროს გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მას კომპანიის დირექტორმა საკონტროლო პუნქტთან გადასცა პასპორტი, თუმცა მას შემდეგ, რაც ტურისტი შეეცადა გადაეკვეთა გამშვები პუნქტი, აეროპორტის წარმომადგენელმა ის შეაჩერა და უარი განუცხადა გამგზავრებაზე/რეგისტრაციაზე. მოქალაქეს დაუბრუნეს კუთვნილი პასპორტი, ხოლო აღმოჩნდა, რომ საზღვრის კვეთაზე უარი ტურისტს ვიზის არარსებობის გამო ეთქვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ზემოაღნიშნი ფაქტიდან მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა – დაბრუნებული პასპორტი კვლავ აიღო კომპანიის წარმომადგენელმა და მ.ქ. დაიბარა შემდგომ ორშაბათს, ისევ გასამგზავრებლად, ისევ აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ არც სხვა ტურისტებს აღმოაჩნდათ ვიზები. მოსარჩელე დათქმულ დღეს გამოცხადდა აეროპორტში და გამშვებმა პუნქტმა ის უპრობლემოდ გააატარა, თუმცა ისრაელში ჩაფრენის შემდგომ, მ.ქ.-ს აეროპორტის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ მათ პასპორტებში არ იყო დაფიქსირებული საზღვრის კვეთა და მოქალაქე დააკავეს.
მოსარჩელემ 5 დღე გაატარა ისრაელის აეროპორტის საპატიმროში და დეპორტაიციის შედეგად, დაბრუნდა საქართველოში. მოქალაქემ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მიმართა კომპანიას და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება. კომპანიამ ტურისტს სრულად აუნაზღაურა საშუამავლო მომსახურების საფასური, რამაც შეადგინა 1000 აშშ დოლარი. ტურისტმა დარჩენილი 2500 აშშ დოლარის მიღებაც მოითხოვა, რაც მას გადახდილი ჰქონდა მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მართალია, კომპანია მოქალაქეს დაპირდა, რომ გადაუხდიდა 2500 აშშ დოლარს, შეთანხმება შედგა თანხის ეტაპობრივად დაფარვასთან დაკავშირებით, მომდევნო პერიოდისთვის გადაიხადა მხოლოდ 100 აშშ დოლარი, თუმცა კომპანიას მოქალაქის მიმართ, ვალდებულება ბოლომდე არ შეუსრულებია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღნიშვნით, საქმეში სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენდა მოქალაქის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, რის გამოც, მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, ხოლო ზემდგომი ინსტანციები - დასრულდა წარმატებით.
ცნობისთვის: საქმეზე განჩინება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 10 იანვარს მიიღო, რაც მხარისთვის ცნობილი 2019 წლის 14 იანვარს გახდა. ტურისტულმა კომპანიამ საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. კანონის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ტურისტული კომპანიის საკასაციო საჩივარი, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რაც უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოცხადებისთანავე, შევიდა კანონიერ ძალაში.