„ახალგაზრდა ადვოკატები“ უზენაესი სასამართლოს თემაზე შეხვედრებში მონაწილეობას აგრძელებს

17 იანვარი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით, შეხვედრებში მონაწილეობას აგრძელებს. ორგანიზაციამ საკითხზე მსჯელობისთვის მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში 2019 წლის 17 იანვარს გამართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, რომელსაც დეპუტატები უძღვებოდნენ. დეპუტატებმა - ეკა ბესელიამ, ლევან კობერიძემ, დავით ჭიჭინაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და რუსლან პოღოსიანმა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პრინციპებზე მსჯელობა გამართეს და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საკითხებზე ისმჯელეს.

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყველა იმ შეხვედრაზე, რომლებიც ბოლო დღეებში ტარდება, საერთო პოზიცია ფიქსირდება და იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის აუცილებლობას შეეხება.

„შეხვედრები ტარდება იმისათვის, რომ მოხდეს აზრების გაცვლა ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სიის ფორმირების წესი, წარდგენილი კანდიდატების კრიტერიუმების განსაზღვრა თუ კანონში შესატანი ცვლილებები. ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება ან შეთანხმება მიღებული არ არის და  პროცესი გრძელდება, რომელიც დაინტერესებულ წრეებთან შეხვედრების გამართვას და მათი მოსაზრებების გაცნობას ითვალისწინებს“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამუშაო შეხვედრების შემდეგ მომზადდება კანონში შესატანი ცვლილებების ისეთი პროექტი, რომელსაც გარდა იმ პირებისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და პარლამენტს წარუდგინეს მოსამართლეთა ათკაციანი სია, ყველას მიერ სრული მხარდაჭერა ექნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე მონაწილეობას იღებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, აღნიშნულ საკითხზე 2019 წლის 15 იანვარს გამართულ შეხვედრაზე. ორგანიზაცია სრულად იზიარებს პრობლემურ საკითხზე პროფესიულ წრებში გამოთქმულ კრიტიკულ შეხედულებებს.



კომენტარები