ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უაღრესად კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ დაპირისპირების პოლიტიკურმა და სამართლებრივმა მხარემ განსაკუთრებული ზიანი მოუტანა საქართველოს სასამართლოს რეპუტაციას, მოსამართლის მიმართ ნდობას, შელახა მართლმსაჯულების სისტემაში, ბოლო წლებში ხელშესახები რეფორმის შედეგები და საზოგადოება სასამართლოს მიმართ განაწყო ანტაგონისტურად.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს უზენაესს სასამართლოს ახალი წევრებით დაკომპლექტების საკითხზე, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტს ეკისრება. მიმდინარეობს საუბარი კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრაზე, რომლის მიზანია საკასაციო სასამართლოში მოსამართლედ შერჩევისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება და კანდიდატთა ნომინირების წესი. რასაკვირველია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არამხოლოდ პროფესიონალიზმის ყველა მოთხოვნას, არამედ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მისი პიროვნული რეპუტაციის მიმართ გამოკვეთილი დამოკიდებულება. ახალ კრიტერიუმებზე დისკუსია უნდა მოხდეს საზოგადოების ყველა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, რაც დღეს არ მიმდინარეობს და პროცესი უნდა გახდეს უკიდურესად გამჭვირვალე, რაც ასევე არ არის მიღწეული. ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში, როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უნდა ესმოდეს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საზოგადოების ფართო მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელია, იქნება უშედეგო და კიდევ უფრო მეტად შელახავს ნდობას სასამართლოს საქმიანობის მიმართ.
„ახალაგზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და შესაბამისად, მოსამართლის უზენაეს ვალდებულებას. მართლმსაჯულების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ასევე, საზოგადოების ნდობა, ვინაიდან საზოგადოების ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო. განვითარებული მოვლენებით უდავოა, რომ სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობა მნიშვნელოვნად შეილახა. საზოგადოებას დღეს არ გააჩნია განცდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ობიექტური კრიტერიუმებისა და დემოკრატიული პროცედურების დაცვით მოხდება. მმართველი პოლიტიკური გუნდის დაპირებები - არასაკმარისია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა და არასაპარლამენტო პარტიების მოსაზრებები - პოლიტიკური კონტექსტით მოწოდებული, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის პოზიცია კი - სამართლიანი, მაგრამ კონფრონტაციული.
სასამართლო ხელისუფლებას სრული დამოუკიდებლობისთვის არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, არამედ საზოგადოების ლეგიტიმაცია და ნდობა. 2004-2012 წლებში, რეფორმირებულმა სასამართლომ პრინციპულ, საჯარო ინტერესების მქონე საქმეებზე მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, თავი შეირცხვინა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირმა და ირიბმა გავლენამ, მოსამართლეების რეპუტაცია საჯაროდ შელახა. სისტემაში ჩამოყალიბდა გავლენის სფეროები და სასამართლო გახდა შერჩევითი მართლმსაჯულების ადგილი. მხარეთა თანასწორუფლებიანობა და ადვოკატის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, გავლენას ვერ ახდენდა ობიექტური გადაწყვეტილებების დადგომაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის არეართ საჯარო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარი მოტივაცია, მათ შორის ერთპარტიული დემოკრატიის სასამართლო ხელისუფლებაში დასრულების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, თუმცა ყველა პრობლემის სათავე, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაშიც, შესაძლებელია განპირობებული იყოს იმ ფაქტორებით, როდესაც არ მომხდარა მძიმე მემკვიდრეობის სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება, სასამართლო ხელისუფლებისთვის მისი ძირითადი ფუნქციის დაბრუნება და სამართლიანობის აღქმის საზოგადოებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფა.
ამიტომაც, დღეს მნიშვნელოვანია, ამ პროცესში პროფესიული საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მოხდეს და საქართველოს სასამართლო სისტემაში ყველა გამოწვევა გადაწყდეს საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესი დაცვით. საგნობრივი დისკუსიის წარმართვა, სავალდებულოა, მოხდეს მართლმსაჯულების განმახორციელებელი თანასწორუფლებიანი მხარეების - მოსამართლეთა კორპუსის, საადვოკატო საზოგადოებისა და პროკურატურის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით და მონაწილეობით.