თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 31 იანვარს ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. საზოგადოებისთვის „ბაღების საქმის“ სახელით ცნობილ დავას პალატა მოსამართლე ოთარ სიჭინავას თავმჯდომარეობით განიხილავს. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება (მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი) კრიტიკას ვერ უძლებს, თავშივე იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის სწორ სამართლებრივ დასკვნებს. მეტიც, სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა. მოსამართლემ ცერ შეძლო ანგარიშვალდებულების დაძლევა ხაშურის თვითმმართველობის მიმართ. დადგენილია, რომ მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად, ხოლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დამფუძნებელი სწორედ მუნიციპალიტეტის მერიაა. თეიმურაზ ფარეიშვილმა საქმე არ აიცილა და არც თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვერ შეძლო მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად.
კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.