თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და მასზედ დაქვემდებარებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებას ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმეზე დავის მორიგებით დასრულებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ სასამართლომ პრინციპული პოზიცია 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე გამოთქვა და ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს მუნიციპალიტეტის მერ გიორგი გურსაპაშვილთან დამატებითი კონსულტაციების განხორციელება მოსთხოვა. ამასთან, სასამართლომ მოისმინა ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის ადვოკატ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მხარე განიხილავს მორიგების შესაძლებლობას. „პირობები უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, განჭვრეტადი, აღსრულებადი და ობიექტური“ - განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და მასზედ დაქვემდებარებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებას, დავის მორიგებით დასრულების საკითხზე საბოლოო პოზიციების წარმოდგენისთვის გონივრული ვადა 25 თებერვლის მდგომარეობით მიეცა. სასამართლოს განმარტებით, პალატა საქმეზე მორიგების საკითხს არ სვამს ფორმალური დამოკიდებულებებით და პროცესის მონაწილე მხარეებს მიმართა, გათვალისწინებული ყოფილიყო საქმეზე შესაძლო შედეგები. ამასთან, პალატამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებას მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებეზე და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაძლებელია, გარკვეულ ცდომილებებს უშვებდეს, ვინაიდან ჩატარებული კონკურსის გამჭვირვალობა არ ტოვებდეს ცალსახა შეფასების საფუძვლებს. შესაბამისად, მხარეებს დრო მიეცათ, ეფიქრათ დავის მორიგებით დასრულების პირობებზე, რაც შეიძლება გამოხატულიყო ალტერნატიულ თანამდებობებზე ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის დასაქმებით ან მათ მიმართ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახის სახით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ყოფილი მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი) კრიტიკას ვერ უძლებს, თავშივე იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის სწორ სამართლებრივ დასკვნებს. მეტიც, სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა. მოსამართლემ ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების დაძლევა ხაშურის თვითმმართველობის მიმართ. დადგენილია, რომ ამჟამად ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად, ხოლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დამფუძნებელი სწორედ მუნიციპალიტეტის მერიაა. თეიმურაზ ფარეიშვილმა საქმე არ აიცილა და არც თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვერ შეძლო მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად.
კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას. საქმეს მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე), თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი და ამირან ძაბუნიძე განიხილავს.