თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“ კონტრაქტორ კომპანიას 10,082.19 ლარს გადაუხდის. მხარეთა შორის დავა მორიგების აქტის საფუძველზე დასრულდა, რომლითაც სამედიცინო ცენტრი ფინანსურ ვალდებულებას, ორ ეტაპად, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით დაფარავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განჩინება დაუყოვნებლივ აღსრულებას მიეცემა. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განჩინება უზენაესს სასამართლოში აღარ გასაჩივრდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალსა“ და კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც, ფინანსურმა დავალიანებამ შეადგინა 10677.10 ლარი. 2018 წლის 19 მარტს, მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება „დავალიანების გადახდის თაობაზე“. მხარეები წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში, შეთანხმდნენ, რომ იძლეოდნენ გარანტიას შეთანხმების პირობების უპირობოდ დაცვაზე. „მოვალე“, 2018 წლის 18 მარტის მდგომარეობით, „კრედიტორის“ მიმართ, შეთანხმებით წარმოდგენილი სპეციალური გრაფიკის თანახმად, აღიარებდა ფულადი დავალიანების - 10 677.10 ლარის გადახდას. კერძოდ, თანხების დაფარვას შემდეგი გრაფიკით და ოდენობით - 1 000 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/04/2018 მდგომარეობით, 1 500 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/05/2018 მდგომარეობით, 2 000 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/06/2018 მდგომარეობით, 2 000 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/07/2018 მდგომარეობით, 2 000 ლარის გადახდას არაუგვინაეს 03/08/2018 მდგომარეობით და 2 177 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/09/2018 მდგომარეობით. მიუხედავად შეთანხმებისა, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა“ კრდიტორის მიმართ ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის 26 აპრილს, 1 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებამ უარი განაცხადა დარჩენილი თანხის - 9677.10 ლარის გადახდაზე.
დადგენილია, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ 2018 წლის აპრილისა და მაისის თვეში, საკომუნიკაციო საშუალებებით, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“, არაერთხელ მიმართა ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებაზე, თუმცა ყველა მიმართვა დარჩა რეაგირების გარეშე, უყურადღებოდ. სამედიცინო კომპანიამ უყურადღებოდ დატოვა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2018 წლის 17 მაისის წერილიც, რის შემდგომაც, საქმის სასამართლო წესით გაგრძელება გადაწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა კონტრაქტორი კომპანიის სარჩელი, რითაც „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“ დაევალა, ჯამში - 10,082.18 ლარის გადახდა. სასამართლომ გაიზიარა სასამართლო და სასამართლო ხარჯების მოპსუხე სამედიცინო დაწესებულების მიმართ დაკისრების მოთხოვნაც და არ გაიზიარა აღნიშნული მოთხოვნის გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნად მიჩნევის სამართლებრივი პრეტენზია.
სამედიცინო დაწესებულებამ 2018 წლის 1 ნოემბერს წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე, რომ ვინიადან შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას და ჩართულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36-ე დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიების შესახებ" სახელმწიფო პროგრამაში, პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სამედიცინო მომსახურების მოცულობის შესაბამისად. რამდენადაც დაწესებულებისთვის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხები, რაც ცნობილიც იყო კონტრაქტორი კომპანიისთვის, ფულადი ვალდებულების შესრულებაც დამოკიდებული იქნებოდა სახელმწიფოსგან მისაღები თანხების დამუშავებაზე და შემდგომ მის ჩარიცხვაზე. შესაბამისად, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა“ განმარტა, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან არსებული დავალიანების დაგროვება განაპირობა პროგრამული თანხების მიუღებლობამ და აღნიშნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა თავისი ბრალით არ იყო გამოწვეული.
ცნობისთვის: საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე: ნათია გუჯაბიძემ განიხილა. სააპელაციო ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანიის ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა, ანა ფუტკარაძემ წარმოადგინეს.