„ახალგაზრდა ადვოკატები“ – თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა

13 თებერვალი, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე, საკონკურსკო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოსს ზაზა აბაშიძეს და კომისიის წევრებს 2019 წლის 28 მარტს დაკითხავს.

სასამართლომ 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ოთხი მოსარჩელის - ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის წარმოამდგენლის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობები დააკმაყოფილა. შესაბამისად, საქმეს მტკიცებულებების სახით დაერთო მასალები, რომლებიც გამარჯვებულად გამოცხადებული კანდიდატების სამეცნიერო საქმიანობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და საქმეს ნაწილობრივ დაურთო საქმეში მესამე პირად ჩაბმული ქეთევან ქუთათელაძის სამეცნიერო სტატიების ჩამონათვალი, თუმცა უარი უთხრა სხვა მასალების საქმეზე დართვაზე, ვინაიდან დოკუმენტები არ იქნა სამართალწამოების ენაზე - ქართულ ენაზე წარმოდგენილი და არ იყო დამოწმებული ნოტარიული ფორმით. შესაბამისად, მხარეს მიეცა მითითება ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ სათათბირო ოთახში გასვლით, დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სხდომის ფოტო-გადაღების უზრუნველყოფის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სრულიად უპასუხისმგებლო და შეუფერებელ განცხადებას წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდილი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, თამთა მამულაიშვილის ორგანიზაციის მიმართ სხდომაზე გამოთქმული შეფასებები. უნივერსიტეტის წარმომადგენლის შეფასებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ „უღირსი ხერხებით“ ცდილობს „ჭორების გავრცელებას“ და „თავდასხმებს“ უნივერსიტეტის მიმართ. შესაბამისად, სასამართლოში განსახილველი დავა არავითარ საჯარო ინტერესების მატარებელ საქმეს არ წარმოადგენდა და სხდომის ფოტო-გადაღების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლომ არ გაიზიარა უნივერსიტეტის წარმომადგენლის აღნიშნული მსჯელობა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა კი საჯაროდ განაცახდა, რომ ორგანიზაცია წინამდებარე დავის ფარგლებში, საქმეზე გააგრძელებდა ადვოკატირებას, მედია-დაფარულობა იქნებოდა უწყვეტი, ორგანიზაციის რეპუტაციას და ნდობას ვერ შეარყევდა ასეთი გამონათქვამები და უნივერსიტეტს უფრო მეტად უნდა ეფიქრა კვალიფიციური წარმომადგენლობის განხორციელებაზე, მიეღო და ეპასუხა დავის ფარგლებში გავრცელებულ ინფორმაციაზე და მეტი წინდახედულობა გამოეჩინა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დროს.

სასამართლოს ინტერესი მდგომარეობდა, არსებობდა თუ არა მზაობა, დავა მორიგებით დაესრულებინა უნივერსიტეტს, რაზედაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტის რექტორი მზად არის, მეცნიერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავა მორიგებით დაასრულოს, თუმცა რექტორის პოზიციას ეწინააღმდეგება თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნუნუ ოვსიანიკოვა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, არჩილ კუკულავა. დავის მორიგებით დასრულება კატეგორიულად გამორიცხა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. სასამართლომ მოისმინა პროცესის მონაწილე მხარეების ახსნა-განმარტებები, რა დროსაც უნივერსიტეტმა კონკურსში დაშვებული ხარვეზები აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ კომისიამ ეს ხარვეზები მოგვიანებით გამოასწორა. ამასთან, სასამართლომ მიიღო ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობაში უარი მათი „სულიერი აღელვების“ საფუძველზე განაცხადეს და მათ წევრის სტატუსი იურიდიულად არ ჩამორთმევიათ. ამასთან, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პირის შესახებ ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში არჩეული პირი ნასამართლეობის მქონეა.  

სასამართლო სხდომა მხარეთა შორის შეკითხვების ეტაპიდან გაგრძელდება. მომდევნო სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები მოწმის სახით დაიკითხებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანება უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ვალერიან ვაშაკიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ქეთევან ქუთათელიძისა და ალექსანდრე თვარაძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში არჩილ კოხრეიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში ხათუნა იოსელიანის არჩეულად გამოცხადების ნაწილში. ამასთან, მოთხოვნილია სადავო ბრძანების მიღებისთვის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილობა, მოსარჩელეების შესაბამის თანამდებობებზე დანიშნვა ან ტოლფასი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა, იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. საკონკურსო შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისია ფაქტობრივად და რეალურად, შედგებოდა 3 წევრისგან: ზაზა აბაშიძე (თავმჯდომარე), ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა. დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3. კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე ერთპიროვნულად არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის იურიდიული გადაწყვეტილება. მეტიც, კომისიის მუშაობა ოფიციალური წესით დაედასტურებინა. შესაბამისად, არავითარი იურიდიული ძალმოსილება არ გააჩნია 2018 წლის 11 ოქტომბრის დამატებით ოქმს შემაჯამებელი ოქმისთვის, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თსუ-ის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება - უკანონოა. 

ცნობისთვის: ნინო ღამბაშიძემ, ლოლა სარალიძემ, რუსუდან ლაბაძემ და მანანა ხვედელიძემ სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. საქმეზე განსჯად კოლეგიად დადგინდა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმეში მესამე პირად იქნენ ჩაბმულნი ქეთევან ქუთათელაძე, ალექსანდრე თვარაძე, არჩილ კოხრეიძე, ხათუნა იოსელიანი და ვალერიან ვაშაკიძე. მომდევნო სხდომა 28 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება. მოსარჩელეების ინტერესებს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილი კაიკაციშვილი წარმოადგენს.



კომენტარები