„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა

15 თებერვალი, 2019

2019 წლის 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს სესხების გაყალბებას და კომპანიისთვის მიყენებული ზიანის სახით, 20260 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტები და მტკიცება შპს „მისო ბერმელის“ სარჩელის დაუსაბუთებლობის თაობაზე. ორგანიზაცია წარმოადგენდა კომპანიის ყოფილი ორი თანამშრომლის ინტერესებს.

საქმის მასალებით, შპს „მისო ბერმელი“ აღნიშნავდა, რომ ყოფილი თანამშრომლების მიერ განხორციელებული იქნა დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, სალაროს შემოწმების შემდგომ აღმოჩნდა დანაკლისი 1113 ლარის ოდენობით, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „მისო ბერმელმა" მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც მოპასუხეებმა აღიარეს დანაშაული და შპს მისო ,,ბერმელს" გადაუხადეს მითვისებული თანხა. მომხდარი ფაქტის შემდეგ შპს „მისო ბერმელის" მიერ განხორციელდა ხელახალი რევიზია და შესაწავლილი იქნა მოპასუხეების მიერ გაცემული სესხების ისტორია. აღმოჩნდა, რომ მათ მიერ, მათივე იუზერითა და პაროლით, გაიცა 24 სესხი, რომელთა მსესხებლებიც რეალურად არ არსებობდნენ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროგრამაში მითითებული მსესხებელთა პირადი ნომრები, სახელი, გვარები და ტელეფონის ნომრები არ იყო რეალური და მათ მიერ იყო გამოგონილი. თანხები კი მოპასუხეების მიერ იქნა მითვისებული. აღნიშნულ სესხებზე ვერ იქნა მოპოვებული შემდეგი დოკუმენტაცია: გასავლის და შემოსავლის ორდერები, ხელშეკრულებები და დაგირავებული ნივთები. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა მოპასუხეებს დაკისრებოდა 20260 ლარი.

სასამართლომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძვლიანი შემოწმების მიზნით, დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმეზე მოწმის სახით კომპანიის თბილისის ფილიალების მენეჯერის, ფინანსური მებეჯერისა და მთავარი ბუღალტრის დაკითხვაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო საქმის სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებას.

საქმის განხილვის შედეგად, მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, დადგინდა, რომ ყოფილი თანამშრომლების მხრიდან არავითარ ე.წ. ყალბი სესხების გაცემას და თანხის მითვისებას ადგილი არ ჰქონია. ყოფილი თანამშრომლების მიერ კომპანიის სალაროდან აღებული 1113 ლარი წარმოადგენდა ორი თვის მანძილზე გაუცემელი ხელფასის საპირწონედ მიღებულ თანხას, თუმცა მოპასუხეებმა ქცევის შეუსაბამობა აღიარეს და თანხა კომპანიას დაუბრუნეს, თუმცა ამ დრომდე, კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ, კუთვნილი შრომითი ანაზღაურება, არ გაუცია. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა, ხოლო კომპანიამ სასამართლოში წარდგენილი ყველა დოკუმენტი შექმნა მხარესთან სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდგომ.

საქმის განხილვის ეტაპზე დადასტურდა, რომ ყოფილ თანამშრომლებს პროგრამულად მონაცემების შეცვლის ან დამატების არავითარი ტექნიკური შესაძლებლობა არ ჰქონდათ. პროგრამაში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელების უფლება გააჩნდა კომპანიის ფინანსურ მენეჯერს, რომლის ჩვენებით დგინდება, რომ თანამშრომლების მიერ პროგრამაში დაშვებული შეცდომების გასწორებისა და წაშლის უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ ფინანსურ მენეჯერს. ამასთან, მოწმის სახით დაკითხული კომპანიის მთავარი ბუღალტრის განცხადებით, თანამშრომლებს არ გააჩნდათ საშუალება ერთხელ დარეგისტრირებული სესხი პროგრამულად წაეშალათ. ამასთან, სესხების გაცემაზე თანამშრომლების კონტროლს ახორციელებდა თბილისის ფილიალების მენეჯერი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედიოდა სალომბარდე სესხების კანონიერების ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმება. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, ნდობა და საქმიანობა ხორციელდებოდა კეთილსინდისიერების ფარგლებში და მოპასუხეების მიმართ, არავითარი პრეტენზია არ ყოფილა გამოთქმული.

სასამართლო მხარეთა მტკიცების პირობებში მივიდა დასკვნამდე, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება იმ პირობებში, როდესაც არსებობს დაუსაბუთებელი მტკიცებულებები. საქმეში არ მოიპოვებოდა ნეიტრალური მტკიცებულებებიც, ხოლო მოწმეთა ჩვენებები ვერ ჩაითვლებოდა სანდოდ, რადგანაც ისინი იმყოფებოდნენ ნათესაურ ურთიერთობაში და წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს და აღნიშნა, რომ სწორედ მტკიცების ტვირთის პირობებში, მხარეთა შეჯიბრითობის გათვალისწინებით, შპს „მისო ბერმელმა“ ვერ შეძლო მოპასუხეების მტკიცების გაქარწყლება. შესაბამისად, სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და შპს „მისო ბერმელს“ დაეკისრა მხარის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება.

ცნობისთვის: შპს „მისო ბერმელმა“ სასამართლოს 2018 წლის 28 მარტს მიმართა. 2018 წლის 5 ოქტომბერს, საქმეზე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს დაკმაყოფილდა საჩივარი, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა სამართალწარმოება. საქმე მოსამართლე ხათუნა ჯინორიამ განიხილა. „მისო ბერმელის“ მიმართ, მოპასუხეების ინტერესებს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა.



კომენტარები