ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მორიგ პრეცედენტულ დავაზე მნიშვნელოვან შუალედურ წარმატებას მიაღწიეს. მოსარჩელე სამშენებლო კომპანიასა და მოპასუხე სამშენებლო კომპანიას, ამხანაგობასა და ამხანაგობის წევრებს შორის დავის საგანს ხელშეკრულებიდან გასვლის შემდგომი რესტიტუცია წარმოადგენს, რაც 338,250 აშშ დოლარს შეადგენს.
საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 19 თებერვალს გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სამშენებლო კომპანიის მოთხოვნები, გაიზიარა მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმის იურიდიული სირთულე მდგომარეობს შემდეგ გარემოებებში: 2013 წლის 20 მაისს, მოსარჩელე სამშენებლო კომპანიამ ფინანსური პრობლემების მიზეზით, ამხანაგობასთან დადო გასვლის ხელშეკრულება. ამ დროისთვის, მოსარჩელეს უკვე შესრულებული ჰქონდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - მობინადრეების დაკმაყოფილება მათი საჭირობების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, მოპოვებული გააჩნდა სამშენებლო ნებართვა. შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობა გადაიბარა მოპასუხე სამშენებლო კომპანიამ, მაგრამ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდგომ, ადგილი არ ჰქონია რესტიტუციას, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის თანმდევი პროცესია.
წარმოებული დავის სირთულეს წარმოადგენდა 2013 წლის 20 მაისს მოსარჩელე სამშენებლო კომპანიასა და მოპასუხე ამხანაგობას შორის გასვლის ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „მხარეებს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ“. ამავე ხელშეკრულების თანახმად, „წევრის გასვლისას, მას უკან უბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები, იმ ხარჯების გამოკლებით, რაც აუცილებელია გასვლის რეგისტრაციისთვის. ამხანაგობა უფლებამოსილია დააყოვნოს დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე, თუ თანხის გაცემით საფრთხე ემუქრება ამხანაგობის ნორმალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ წელს წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ნაწილ-ნაწილ.“
მოსარჩელე სამშენებლო კომპანია მიიჩნევს, რომ ,,ფინანსური პრეტენზიები არ გააჩნიათ" არ უნდა გაიგივებულიყო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნაზე უარის თქმასთან. ამ ჩანაწერით, კომპანიამ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი პრეტენზია არ გააჩნდა მხარის მიმართ. ის გარემოება, რომ კომპანიას სწორედ ერთი წლის შემდეგ წარმოეშობოდა ასეთი მოთხოვნის უფლება, აღნიშნული პირდაპირ იქნა აღნიშნული მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ დადებულ 2008 წლის ხელშეკრულებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანადზმულად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია, სხვა ფაქტობრივი გარემოებების კვლევას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით კი, სარჩელი არ უნდა ჩათვლილიყო ხანდაზმულად. შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც ამჟამად სხვა ფაქტობრივი გარემოებები შემოწმდება. ამდენად, მოსარჩელე სამშენებლო კომპანიას რესტიტუციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდა არა 2013 წლის 20 მაისიდან, არამედ 2014 წლის 20 მაისიდან. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 24 ოქტომბერს და მოსარჩელემ რესტიტუციის მოთხოვნისთვის დაიცვა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და ამ ვადის გასვლამდე - 7 თვითა და დაახლოებით, 1 კვირით ადრე შეიტანა სასამართლოში სარჩელი.
ცნობისთვის: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: სიმონ ჩხაიძემ (თავმჯდომარე), ნანა კალანდაძემ და ლაურა მიქავამ მიიღეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქმე განიხილა მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძემ. ორგანიზაცია მოსარჩელე სამშენებლო კომპანიის ინტერესებს წარმოადგენს, რომელსაც საერთო სასამართლოებში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს. ვინაიდან დავა საერთო სასამართლოებში კვლავ მიმდინარეა, არ ხდება პროცესის მონაწილე მხარეების იდენტიფიცირება და საზოგადოებას ინფორმაცია მხოლოდ სამართლებრივი დავისა და იურიდიული კვალიფიკაციის შინაარსზე მიეწოდება.